„სალომე ზურაბიშვილის მოხსენება იყო ყველაფერზე და ამავდროულად არაფერზე, მანდ უნდა იმოქმედოს პროაქტიულად - ევროპის სასარგებლოდ, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციური ბერკეტები, რომ პოლიტიკური ბალანსი აღდგეს ქვეყანაში ევროპის სასარგებლოდ.
„სამწუხაროდ, ეს მოხსენება იყო ყველაფერზე და ამავდროულად არაფერზე, იმ პრობლემების ფონზე, რომელიც საქართველოს აქვს. მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ნიკა გვარამია, დამოუკიდებელი მედია მენეჯერი პოლიტპატიმრის სტატუსით ზის ციხეში, როდესაც ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება ხდება და ეს განცხადებები პრემიერ-მინისტრისგან და „ოცნების“ მთავარი ლიდერებისგან მომდინარეობს, პრეზიდენტის ასეთი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ კომენტატორად შეიძლება მოვნათლოთ, თუ არ გამოიყენებს ის იმ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც კონსტიტუცია აკისრებს საქართველოს პრეზიდენტს. მან უნდა იმოქმედოს პროაქტიულად, დაიცვას კონსტიტუცია, გამოიყენოს კონსტიტუციური ბერკეტები, რომ პოლიტიკური ბალანსი აღდგეს ქვეყანაში ევროპის სასარგებლოდ.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.