როცა შენ შენს ბოლო მოკავშირეს, „ევროპელ სოციალისტებს“, რომლის ოჯახის წევრიც იყო „ქართული ოცნება“, რომელიც ხელს გართმევდა და გამარჯობას გეუბნებოდა, იმასაც რომ მიწას აყრი, დედას აგინებ და ფაშისტს ეძახი, ევროპა როგორ გინდა? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
“მართალია, კანდიდატის სტატუსის მიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებაც არის, მაგრამ როცა შენ შენს ბოლო მოკავშირეს, „ევროპელ სოციალისტებს“, რომლის ოჯახის წევრიც იყო „ქართული ოცნება“, რომელიც ხელს გართმევდა და გამარჯობას გეუბნებოდა, იმასაც რომ მიწას აყრი, დედას აგინებ და ფაშისტს ეძახი, ევროპა როგორ გინდა? ევროპელ ფაშისტებს ეძახდნენ გერმანიის მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, წარმოგიდგენიათ? გერმანიაში კანონით არის დასჯადი ფაშისტობა და ფაშისტს რომ ეძახის გერმანიაში განათლებამიღებული კობახიძე, როგორ დავიჯერო, რომ შენ ევროპა გინდა? ვის ატყუებ?“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
შეკითხვაზე, რა გეგმები აქვს ოპოზიციას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნება“ ქვეყანას ამ შანსს დააკარგვინებს, იმის გამო, რომ პუტინთან პოლიტიკურ ფლირტშია, მან პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.
„ხალხმა უნდა გადაახდევინოს, მოქალაქეებმა, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. მე გეტყვით, ჩემი გეგმა რა არის – ჩემი გეგმაა, მშვიდობიანად გამოვიდეს ხალხი ქუჩაში და როგორც თავის დროზე, ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა აიძულეს კომუნისტურ-ბოლშევიკურ ხელისუფლებას მშვიდობიანი მრავალპარტიული არჩევნების დანიშვნა, ასევე ვაიძულოთ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების დანიშვნა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.