ნატო-ს წევრი თურქეთი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი, ანუ რეგიონში ყველგან დაფრინავს, ყველგან ღიაა ცა და მაინც და მაინც ჩვენ უნდა ჩავკეტოთ და ბოდიში, ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან გამოთქმისთვის, მაინც და მაინც დედა უნდა ეტიროს ამ ქვეყანას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ელჩების დემარში ახსოვთ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლო აღმოჩნდა.
„ასეთი დემარში გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ ეს დემარში იყო უსაფუძვლო, რასაც პირდაპირი და მკაფიო პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ. ამ დემარშზეც, რომელიც ასევე უსაფუძვლო შიშებით თუ წუხილებით არის გამოწვეული, ალბათ მომავალი გაგვცემს პასუხს. ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩმა თავისი განცხადების პირველ ნაწილში თქვა, რომ ფრენების აღდგენა იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, მაგრამ მეორე ნაწილში არასწორი იყო ინფორმაცია, თითქოს ამას სჭირდებოდა საქართველოს მთავრობის თანხმობა. თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რაც ნავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანებამ უნდა გასცენ, მათი გაუცემლობა იქნებოდა სანქციები. სანქციები დააზარალებს ქვეყანას და მის მოქალაქეებს. კიდევ უფრო სიღრმეში თუ შევალთ, გაგახსენებთ, რომ ფრენები პუტინის და სააკაშვილის უშუალო კომუნიკაციის შედეგად 2010 წელს აღდგა, ოღონდ მაშინ სააკაშვილი იხვეწებოდა ფრენების აღდგენას. შემდეგ ეს სანქცია დააწესა რუსეთმა, 2019 წელს. მაშინ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი პარტნიორები მოუწოდებდნენ რუსეთს, სანქცია მოეხსნა, ახლა მოიხსნა და ამას პასუხობენ დემარშით. ჯერ უპრეცედენტოა, როდესაც სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებას სხვა ქვეყანაში დემარშით პასუხობ. ჩემი აზრით, ეს არ არის ობიექტური, და მეორეც, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის დღეს რუსეთის ოკუპაციასთან მიმართებით რისკის შემცველი ნომერ პირველი ქვეყანა, რა თქმა უნდა, უკრაინის შემდეგ. გარდა ამისა, ეს ეკონომიკური თვალსაზრისით დააზიანებს ქვეყანას და მის მოქალაქეებს, რასაც არ ვაპირებთ.
ასევე, ყველაზე სახალხო ენაზე რომ ვთქვათ, ლარსით შემოვა, ბაქოდან, ერევნიდან, ავტომანქანით გადმოკვეთს საზღვარს საქართველოს მოქალაქე თუ რუსი ტურისტი. რუსეთის საოკუპაციო ჯარები აგერ, 30 კილომეტრში რომ გვიდგანან დედაქალაქთან, აქ საყვედური ჩვენ ნამდვილად არ გვეკუთვნის. ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, პირველ რიგში, ეს რისკები საქართველოს მოქალაქეებს რომ შეიძლება დაატყდეთ თავზე, ასევე ეკონომიკური რისკები. აიღეთ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ნატო-ს წევრი თურქეთი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი, ანუ რეგიონში ყველგან დაფრინავს, ყველგან ღიაა ცა და მაინც და მაინც ჩვენ უნდა ჩავკეტოთ და ბოდიში, ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან გამოთქმისთვის, მაინც და მაინც დედა უნდა ეტიროს ამ ქვეყანას.
სხვა ქვეყანას არავინ არაფერს საყვედურობს და საყვედურობენ საქართველოს, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში. რამდენიმე დღის წინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ – ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე გაცილებით რთულად გადასატანია. ამ არგუმენტების გამო ვამბობდი სწორედ, რომ რთულად გადასატანია ეს მშვიდობა, ძვირი გვიჯდება მშვიდობა, ოღონდ ეს სიძვირე არ გამოიხატება მატერიალურში ქვეყნისთვის, გამოიხატება ჩვენს ნერვებში და ჩვენ მიმართ შანტაჟში, მუქარაში. ამ შემთხვევაში ევროკავშირის ელჩებზე არ ვლაპარაკობ, ასე არავინ თარგმნოს. დემარში არის პირდაპირ სანქციების მოთხოვნა, რასაც ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას თავს არ დავატეხთ, რადგან რუსეთს ვერაფერს უზამს ის სანქციები და ჩვენ დაგვაზარალებს არაბუნებრივად“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.