ჯერ ზუსტად არ მომისმენია ეს ფრაზა, აქედან გამომდინარე, კომენტარი გამიჭირდება, რაც შეეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ისინი არის ასახული, მათ შორის საპარლამენტო დოკუმენტებში, კონსტიტუციაშიც კი, აქ ჩვენი პოზიცია ცხადი და ნათელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ფაქტის კონსტანტაციაა, რომ უკრაინა ნატო-სკენ სწრაფვისთვის დაისაჯა.
„მიხეილ სააკაშვილი იყო სწორედ ის რადიკალური ლიდერი, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა შემდეგი რამ, ის პირდაპირ სთავაზობდა რუსეთის ფედერაციას ნატო-ს დათმობას ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ. ეს დაადასტურა მიხეილ საკაშვილმა. ეს არის მისი დამოკიდებულება.დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატო-სკენ სწრაფვა. ეს არის მათი განცხადება. არის ეს დამოკიდებულება, ეს პოზიცია, რომ უკრაინა დაისაჯა ნატო-ში გაწევრიანების სურვილისთვის. ეს არის ფაქტის კონსტანტაცია. ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე. ამაზე არ ყოფილა საუბარი. აქ საუბარია ფაქტის კონსტანტაციაზე, რომ რუსეთს არ მოსწონდა უკრაინის სწრაფვა ნატო-სკენ და სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს. ჩვენი პოზიცია წერია კონსტიტუციაში. სტრატეგიული მოუთმენლობის პოზიციამ 2008 წელს გამოიწვია საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ ტერიტორიების ჩაბარება. იყო უმძიმესი ავანტიურა. ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა. ჩვენი ხელისუფლება არის პირველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ომი არ ჰქონია“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა: „ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა და ბევრი სხვა მიზეზი. არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“