„გამორიცხულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრმა საქართველოს პარლამენტში მხარი დაუჭიროს კლანის გაძლიერებას სასამართლოში.“ - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად აანალიზებს იმ შეცდომებს, რასაც ადგილი ჰქონდა მისი მმართველობის დროს სასამართლოსთან დაკავშირებით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კარგად აცნობიერებს და გაანალიზებული აქვს ის ჩავარდნები, რაც იყო სასამართლოსთან დაკავშირებით იმ პერიოდში, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესზე. სამწუხაროა, რომ ის პრობლემები უფრო გაღრმავდა და გარდა მართულობისა, სასამართლოს დაემატა კორუფცია და ამის შესახებ უკვე ვიხილეთ არაერთი დასკვნა და დასანქცირდნენ მოსამართლეები, რაც უპრეცედენტოა. დღეს მოცემულ ვითარებაში და არც გუშინ, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმ პოლიტიკისთვის, რომელ პოლიტიკასაც ახორციელებს „ქართული ოცნება“ არ დაუჭერია მხარი და არის მისი წინააღმდეგი, გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, თუ როგორ უნდა იყოს მომავალში სასამართლო და გამორიცხულია, რომ ჩვენმა რომელიმე წევრმა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტში მხარი დაუჭიროს კორუმპირებულ, პოლიტიკურად მართულ საზოგადოების კლანის გაძლიერებას სასამართლოში. ეს პროცესი, რომელიც ახლა არის პარლამენტში სამწუხაროდ კიდევ აძლიერებს კლანს და შეჰყავს ადამიანები, რომლებიც არიან ბოლომდე მართულები და გამგრძელებლები იმ გზისა, რომელიც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“ მურუსიძესთან და ჩინჩალაძესთან ერთად.“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.