„ნაციონალური მოძრაობის“ მომავლის განხილვა არ არის ჩემი კომპეტენცია, მოგეხსენებათ, დავტოვე ეს პარტია და, შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებაა, როგორ ჩაატარებენ არჩევნებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება პოლიტსაბჭოს არჩევნებს, თავიდანვე ჩემი პოზიცია იყო მკვეთრი, რომ შიდაპარტიული დემოკრატიისთვის ისეთი პოლიტსაბჭოს არჩევნები, როგორიც ყრილობაზე ჩატარდა, არ უნდა ჩატარებულიყო. რაც შეეხება სხვა პროცესებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“, და ნებისმიერ პარტიაში, შიდა დემოკრატია თუ არ იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მძიმე, მათ შორის, პარტიის განვითარებისთვის. თვითონ პარტიის არჩევანია, როგორ გააგრძელებს ის მუშაობას. პოლიტსაბჭოს არჩევნები როგორც ჩატარდა იმ ყრილობაზე, მე ეს ვთქვი ერთ-ერთ მიზეზად, რატომაც დავტოვე პარტია. ამიტომ, შესაბამისად, არ ვთვლი, რომ ეს იყო დემოკრატიული და არ ვთვლი, რომ პარტიაში მიდის დემოკრატიული პროცესები. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია, როგორ განვითარებას და რა კალაპოტს ჰპოვებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა დეკანოიძემ.