საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებას 26 მაისის ღონისძიების ინციდენტს უკავშირებს. როგორც ჟურნალისტებს მსხილაძემ განუცხადა, „ქართული ოცნება“ საკუთარი განცხადებით ცდილობს, 26 მაისის ფაქტი რამენაირად გადაფაროს.
„ამის ნათელი მაგალითი 26 მაისი იყო, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა იყოს, თუმცა პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო. პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები, რადგან საქმით სხვას აკეთებენ. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. პრეზიდენტის კრიტიკა თუ უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა ჰქონდეთ. პრეზიდენტის კრიტიკა თუ სამართლიანია, ჩვეულებრივად უნდა მიიღონ და ისე არ უნდა მოიქცნენ, ისე არ უნდა უპასუხონ, როგორც 26 მაისს. პირადად ჩემთვის, ეს ყველაფერი ნათელი მაგალითი იყო, როგორ შეიძლება, ადამიანმა ორ წუთში დაკარგოს ის პატივისცემა და ავტორიტეტი, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა. რა თქმა უნდა, ირაკლი ქადაგიშვილს ვგულისხმობ. მათ განცხადებაში ბოლო წინადადება იყო, რომ შუამავლობა შეუძლიათ გაუწიონ პრეზიდენტს საზოგადოების ნაწილთან. პრეზიდენტი საზოგადოებას ნაწილებად არ ჰყოფს, ყველას პრეზიდენტია – დიდი მადლობა, როგორმე, ჩვენ თვითონ საზოგადოებასთან ურთიერთობას გავაგრძელებთ. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა და ახლა მათზე გაბრაზებული არიან. რა გავაკეთოთ? „ქართული ოცნება“ ამ განცხადებით ცდილობს, 26 მაისის ფაქტი რამენაირად გადაფაროს. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო და მისი ხასიათი ვერ გაიგო. მასზე პრევენცია და ზემოქმედება არ მოქმედებს. არ ვიცი, პრინციპულობას სიჯიუტეს უწოდებთ? – პრეზიდენტი პრინციპული ნამდვილად არის“, – განაცხადა მსხილაძემ.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა მის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს. მზად ვართ, პრეზიდენტს ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების აცილებაში დავეხმაროთ“.