რა გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, რამხელა ღალატი ჩაიდინეს, გარდა იმისა, რომ ტერიტორიები ჩააბარეს, 20%, კოდორის ხეობა, 100-ზე მეტი სოფელი, ამდენი ჯარისკაცი, ბიჭები წაიყვანეს, ჩახოცეს და არც კი გამოიყვანეს, რომ არა პატრიარქისა და მეუფეების დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვინ დააწესა სანქციები ჩვენი ომის გამო? ვინმემ დააწესა სანქციები? ან წინა ხელისუფლება გამოვიდა? გახსოვთ, ვინმე გამოსულიყო და ეთქვა, არ გვინდა ვაჭრობა რუსეთთან? პირიქით, მოდით, გავყვეთ ქრონოლოგიურად, შევახსენოთ ამ მავნებლებს, რა გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, რამხელა ღალატი ჩაიდინეს, გარდა იმისა, რომ ტერიტორიები ჩააბარეს, 20%, კოდორის ხეობა, 100-ზე მეტი სოფელი, ამდენი ჯარისკაცი, ბიჭები წაიყვანეს, ჩახოცეს და არც კი გამოიყვანეს, რომ არა პატრიარქისა და მეუფეების დამსახურება. ჩვენი სამხედროების ცხედრებიც კი არ გამოიყვანეს და მიწაზე გართხმული ვნახეთ ჩვენ მაშინდელი მთავარსარდალი. თვეების შემდეგ, ომი ახალი მომხდარი იყო, წინა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო რუსეთისთვის, ოკუპანტი ქვეყნისთვის, მიეყიდათ ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ანუ სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, ვის მიჰყიდეს? რუსულ სახელმწიფო კომპანიას. გახსოვთ, მაშინ გამოდიოდა ყოფილი მინისტრი მერაბიშვილი და თქვა: მერე რა მოხდა, რუსული ფული რუსული ფულია, რა მოხდა? აი, ასეთ ფარისევლებთან გვაქვს საქმე. რამდენიმე თვეში გაგრძელდა ეს მუშაობა, მახსოვს ძალიან კარგად, მათი დაჟინებული თხოვნა იყო, რომ ფრენები დაგვეწყო, აგერ არის ავიაკომპანია „ქართული ავიახაზები“, ბატონი თამაზ გაიაშვილი, მოაყოლეთ. მე ვიცი ფაქტები, გააგზავნეს, დაავალეს, რომ ჩასულიყო, დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან, ომის შემდეგ ხდება ყველაფერი. ასევე, ომის შემდეგ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის, მოითხოვა რამე სანაცვლოდ? მოეთხოვა თქვენთვის, ჩვენი მილიონიანი დიასპორისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.