საქართველოს პარლამენტის წინ აღმართულია ეროვნული დროშა და ევროკავშირის დროშა. თუ ვინმე ეძებს დროშას, თვალები გაახილოს და დაინახავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დეკორაციები ყოველ წელს თემატურია.
„კიდევ უფრო მეტად იმედგამაცრუებელია, რომ ვნახე, ამ საკითხში, თუ მათ შორის, დეზინფორმაციულ პროპაგანდაში ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. რამდენჯერ უნდა ითქვას ამაზე, ორგანიზაციები, რომლებზეც იხარჯება უცხო ქვეყნის ფული. ხვალ არის საქართველოს ეროვნული დღესასწაული და ორგანიზაციები, რომლებშიც დონორები ხარჯავენ ფულს, დგანან ახლა და საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ასეთ ისტერიას მართავენ, შემდეგ იმ დონორების, თუ იმ საელჩოების წარმომადგენლები ხვალ ტრიბუნებზე ისხდებიან, თავად აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას და პარალელურად, მათი დაფინანსებული „ენჯეოები“ ისტერიკას მოაწყობენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის სწორედ ის დამოკიდებულება, რომელიც ადასტურებს ქვეყნის არაკეთილსინდისიერ დახმარებას. უცხო ქვეყნის ფული და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფული არ უნდა იხარჯებოდეს იმაში, რომ მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეებს ჩააშხამონ ეროვნული დღესასწაული.
ამიტომ, კიდევ ერთხელ, თავად იცით, რომ თემა არასერიოზულია. ამასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ გააკეთა განმარტება. ჩამოხსნა, არ ჩამოხსნა, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართულია ორი დროშა – საქართველოს ეროვნული დროშა და ევროკავშირის დროშა. თუკი ვინმე ეძებს დროშას, თვალები გაახილოს და დაინახავს ამ დროშას.
რაც შეეხება დეკორაციებს, დეკორაციები ყოველ წელს თემატურია და შეესაბამება თემატიკას. თუკი ვინმეს ელეთ-მელეთი ემართება ქართული დროშის დანახვაზე, დაჯდეს სახლში, იჯდეს მშვიდად სახლში და 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, რადგან საქართველოს ძალიან ბევრ დროშას დაინახავს საქართველოს ქუჩებში. კიდევ ერთხელ, მივმართავ ყველას, განსაკუთრებით, მოქალაქეებს, ხედავენ, რომ ჩვენს ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ერთადერთი მიზანი, რამე მოიფიქრონ, რომ არიონ, ხალხს ნერვები მოუშალონ, ცუდ განწყობაზე დააყენონ. ხვალ გვაქვს უდიდესი ზეიმი, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, ადამიანები, რომლებიც ასაკიდან გამომდინარე ამ დღეს მოესწრნენ, დღეს, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ასაკოვან ადამიანებს ერთი ემოციური კავშირი აქვთ ამასთან, ჩვენი ახალგაზრდობისთვის, რომლებიც იმიტომ რომ დაბადებულები არ იყვნენ ან პატარები იყვნენ, თავის დროზე ვერ იზეიმეს ეს დღე, ახლა ზეიმობენ. აცადონ ქართველ ხალხს საკუთარი ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა, აცადონ, როგორც ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ასევე იმ „ენჯეოებმა“, რომლებმაც არ იციან, სად წაიღონ უცხოური ფული და ნაცვლად იმისა, რომ ნერვები უშალონ საკუთარ მოქალაქეებს, დასხდნენ თავიანთ ოფისებში, დასხდნენ საკუთარ სახლებში, თუ არ სიამოვნებთ საკუთარი დროშის დანახვა, იყვნენ სახლში. კიდევ ერთხელ, ხვალ იქნება ძალიან ბევრი ქართული დროშა, საქართველოს, თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.