ივნისის ბოლოსთვის ყველა რეკომენდაცია იქნება პირნათლად შესრულებული, აქედან გამომდინარე, თუ იქნება სამართლიანი შეფასება ამჯერად, რა თქმა უნდა, ეს შეფასება იქნება დადებითი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ასეთ შემთხვევაში დეკემბერშიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენი მოლოდინი არის ამ კუთხით ოპტიმისტური, თუმცა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ისევ ამ კუთხით შანსები არის 50/50-ზე. ივნისში დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება 12 პუნქტის შესაბამისად. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, დეპოლარიზაცია ნიშნავს, რომ ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები და პირველ რიგში რადიკალურმა ოპოზიციამ. პოლარიზაცია სინამდვილეში არის მოგონილი ტერმინი. პოლარიზაციის ქვეშ იფუთება რადიკალიზმი და პოლარიზაციაში გულისხმობენ, რომ ვიღაცამ უნდა გირტყას ფეხებში და შენ არ უნდა გქონდეს ამაზე რეაქცია. ეს არ არის დეპოლარიზაცია. დეპოლარიზაცია არის ის, როდესაც რადიკალები წყვეტენ რადიკალურ ქმედებებს და ასეთ დროს, ბუნებრივია, ხელისუფლებას არავითარი ინტერესი არ აქვს თვითონ იმოქმედოს რადიკალურად. ჩვენ მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, გახდნენ არარადიკალურები. ეს არის რა თქმა უნდა, ზოგადი მოწოდება. ჩვენ არ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ ეს მოწოდება მაინც შეგვიძლია. გავაჟღეროთ“, – განაცხადა კობახიძემ.