18 წლის ისრაელელი ბალერინა ავიგაილ მაიო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პროფესიონალურ სასწავლო კურსს გაივლის და საბალეტო დასთან ითანამშრომლებს. ისრაელში სპეციალური სკოლადამთავრებულ ავიგაილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან რეკომენდაცია მისმა მასწავლებელმა, Maria Barrios pre proffetional program TLV-ს ხელმძღვანელმა მარია დარიუს ზაქსმა გაუწია.
ავიგაილ მაიო 5 წლიდან სცენაზეა და სხვადასხვა დროს აშშ-ში, ესპანეთში, საფრანგეთსა და აზერბაიჯანში ცეკვავდა.
როგორც ახალგაზრდა ბალერინა ამბობს, მას ძალიან მოსწონს ქართული საბალეტო სკოლა და ამაყობს, რომ პროფესიონალიზმს გაიღრმავებს ისეთ საბალეტო დასთან, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი ხელმძღვანელობს. თავად ავიგაილიც პრიმაბალერინობაზე ოცნებობს.
ისრაელელი ბალერინა უკვე თბილისშია. ის, ოჯახთან ერთად, შეხვდა „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელს, იციკ მოშეს, რომელმაც მხარდაჭერა აღუთქვა.
იციკ მოშეს თქმით, ისრაელსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება „ისრაელის სახლის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და კულტურული დიპლომატიის ნაწილია. „შემთხვევითი არ არის, რომ ისრაელის კლასიკური მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სფეროს წარმომადგენელმა საქართველო აირჩია, რადგან ამ მხრივ საქართველო ნამდვილად გამორჩეულია“, - ამბობს იციკ მოშე.