როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო შორდება რუსეთს, ამ დროს ფრენების აღდგენამ, შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს საქართველოს აეროპორტები, რომლებიც შეიძლება დასანქცირდეს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებზე, რომლის თანახმად, რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო, შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები.
„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც გამოითქვა შეშფოთება, რომ მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო შორდება რუსეთს, ამ დროს ფრენების აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის არის პირდაპირ კატასტროფა და ამან რისკის ქვეშ შეიძლება დააყენოს საქართველოს აეროპორტები, რომლებიც შეიძლება უბრალოდ დასანქცირდეს.
ხელისუფლებას უბრალოდ უნდა გაეთვალა ეს ყველაფერი და ეფიქრა ამაზე, რომ არ დარჩება უპასუხოდ, როდესაც შენ პირდაპირ თანამშრომლობ პუტინთან, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ტერორისტად მთელს მსოფლიოში.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.