საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპაუშვილის განცხადებით, ქსენოფობიის წახალისებაა განცხადებები, რომ ქართული პოლიცია რუს მოქალაქეებს ქართველებისგან იცავდა.
„ოპოზიცია ამბობს, რომ შეუძლებელია ფრენების აღდგენა საქართველოს მაღალჩინოსნების ჩართულობის გარეშე გადაწყვეტილიყო და ლავროვის ოჯახის წევრებს პირდაპირ ხელისუფლებისგან ჰქონდათ გარანტია ჩამოსვლაზე, რადგან პოლიცია იცავდა ოჯახის წევრებს – ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია.
ხშირად მოვისმინე ხან მედიის, ხან ოპოზიციური პოლიტიკოსების, ხან არასამთავრობოების მხრიდან ასეთი შეფასება, რომ ქართული პოლიცია რუს მოქალაქეებს ქართველებისგან იცავდა. ეს ნეგატიურ კონტექსტში იყო წარმოჩენილი. სწორედ ეს არის ქსენოფობიის წახალისება, ასეთი შეფასებები არის ქსენოფობიის წახალისება. იქ, რაც ხდებოდა, იმ სასტუმროსთან, ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ჩვეულებრივი აგრესიული ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობისა,“ რომელიც მივარდნილი იყო ექსცესის მოსაწყობად, რა მოჰყვებოდა იქ“, – განცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა.
„ვინმეს თუ ესმის, რომ საქართველოს პოლიციამ უნდა დაიცვას ქართველები და არა ადამიანები, როგორც ასეთი, დიახ, ყველა უნდა დაიცვას დანაშაულისგან. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულება არის ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა ან ეთნიკური ნიშნით ადამიანების არდაცვა, თუკი ვინმე ამას ფიქრობს, ეს ადამიანი არის ქსენოფობი. პოლიციის ამოცანა არის, დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სიცოცხლე, ასე შემდეგ. ჩვენ რაც ვიხილეთ, პირდაპირ ეთერში ვხედავდით „ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის აგრესიულ ჯგუფს, რომელიც მივარდნილი იყო აურზაურის მოსაწყობად და რა თქმა უნდა, არავინ არ იცის, შემდეგ რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, ვინ დაზიანდებოდა და ვის რა მოუვიდოდა, ამიტომ, პოლიცია ვალდებული იყო კიდევაც დაეშორეშორებინა და არ დაეშვა ის, რომ საფრთხე შექმნოდა სხვა ადამიანს. ყველა ადამიანი ღირებულია, ადამიანი ეთნიკური ნიშნებით არ განსხვავდება. ეს შეფასებები მიკვირს. სწორედ ეს არის ბიძგი ქსენოფობიისკენ, რომ ეთნიკური ნიშნით განვსაზღვროთ, ვინ დაიცვას და ვინ არ დაიცვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.