„ქართულმა ოცნებამ“, კონსულტაციის ნაცვლად, ფარული გარიგებების გზა აირჩია ოპოზიციონერ კოლეგებთან, კონსულტაცია რასთან დაკავშირებით გავიარო, კობახიძეს და მდინარაძეს სამი ხმა აკლიათ და ეს შევუვსო თუ ნოტარიუსის ფუნქცია შევითავსო? – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„კონსულტაცია ნიშნავს, რომ რაღაც საკითხზე რამდენიმე არჩევანი არსებობს და უნდა შევთანხმდეთ, მაგრამ არანაირი არჩევანი არ არსებობს. დილით, როცა ჩვენ ყველამ ვთქვით, რომ მზად ვართ საუბრისთვის, „ქართულმა ოცნებამ“, კონსულტაციის ნაცვლად, ფარული გარიგებების გზა აირჩია ოპოზიციონერ კოლეგებთან. გაიყვანეს მათთვის სასურველი კანდიდატები, ვისაც ხმა ეყო; ვისაც ხმები არ ეყო, გადავიდნენ მეორე ტურში და რაში მივეხმარო? კონსულტაცია რასთან დაკავშირებით გავიარო, კობახიძეს და მდინარაძეს სამი ხმა აკლიათ და ეს შევუვსო თუ ნოტარიუსის ფუნქცია შევითავსო? „ქართულ ოცნებას“ არანაირი კონსულტაცია არ სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ კონსულტაციები რომ უნდოდეს და ნდომებოდა კეთილსინდისიერი და მიუკერძობებელი ადამიანები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შსს-ს გენინსპექციის მაღალჩინოსანს არ აირჩევდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „ოდეერს“ არ დანიშნავდა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.