საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების შემთხვევაში, მოსალოდნელია, საპასუხო ზომები, რაც, საბოლოო ჯამში, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
„სინამდვილეში, ეს საკითხი უკვე რამდენიმეჯერაა განხილული. გახსოვთ, შარშან მარტში ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული საკითხი, რომ ჩაკეტილიყო საზღვარი, საჰაერო სივრცე, შემოღებული ყოფილიყო ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის, რამდენიმეჯერ წამოსწიეს ეს თემა. ყოველ ჯერზე ეს თემა იქნა განხილული, საზოგადოებამ ამას პასუხი გასცა. რაც მთავარია, თავად ოპოზიციამ, საბოლოო ჯამში, აღიარა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. რატომ? ნებისმიერი ასეთი ქმედება, რომელიც შეეხება ვიზის შემოღებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას და ასე შემდეგ, არის სანქცია, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან. ესკალაცია, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ შევდივართ ისეთ სპირალში, რომლის შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც ამის საპირისპიროდ აწესებ სანქციებს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ იქნება კონტრსანქციები, მოსალოდნელია, რომ იქნება საპასუხო ზომები, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს, რომ საფრთხე შეექმნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.
ყველას შევახსენოთ, რომ რუსეთის ჯარი იმყოფება დედაქალაქიდან 30 კილომეტრში და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში. ეს არის უდიდესი სამხედრო რისკი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. გარდა ამისა, იცით, რომ ასევე დიდია საფრთხე, რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს ანექსიის პოლიტიკამდე. ასე რომ, ისინი, ვინც გვთავაზობენ ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და ასე შემდეგ, ანუ ვინც გვთავაზობენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სინამდვილეში გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და შევიდეთ ესკალაციაში რუსეთთან, შესაბამისად – შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან. მნიშვნელოვანია, რომ ვინც გვეუბნება, სანქციები უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არავინ გვაძლევს არც უსაფრთხოების და არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.