უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ წინსვლას ფლანგებზე ბახმუტის გარეუბანში.
მისი თქმით, ქალაქის დაცვის მნიშვნელობა აქტუალობას არ კარგავს.
„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ახლა ვაკონტროლეთ ბახმუტის მცირე ნაწილს, მისი დაცვის მნიშვნელობა არ კარგავს თავის აქტუალობას. ეს გვაძლევს ქალაქში შესვლის შესაძლებლობას, ვითარების შეცვლის შემთხვევაში. ეს კი გარდაუვლად მოხდება.
ჩვენ ვაგრძელებთ ბახმუტის გარეუბანში ფლანგებზე წინსვლას და ფაქტობრივად ვუახლოვდებით ქალაქის ტაქტიკურად ალყაში მოქცევის შესაძლებლობას, ამის შედეგად ჩვენ შევძლებთ ყველა მაღალი შენობის გაკონტროლებას, რომლებიც ოკუპანტებს აქვთ დაკავებული და მათ განადგურებას. ეს მტერს ართმევს კონტროლს ქალაქის მისადგომებზე და ჩვენ გვაძლევს გარკვეულ ტაქტიკურ უპირატესობას“, - განაცხადა სირსკიმ.
მისივე თქმით, ვითარება რთულია, თუმცა კონტროლირებადი.
დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი რუსეთის ძალების დარტყმების შედეგად, ფაქტობრივად განადგურებულია, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერის სერჰი ჩერევატის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ პოზიციების შეკავებას ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის დამცველებმა ბახმუტი ნახევრად ალყაში მოაქციეს, რაც ოკუპანტების განადგურების შესაძლებლობას იძლევა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 21 მაისის მდგომარეობით, რუსეთის ძალებს ბახმუტი სრულად დაპყრობილი არ აქვთ.