დღეიდან „მობილური იუსტიციის სახლი“ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის სოფლებსა და მის შემოგარენში მცხოვრებ მოსახლეობას იუსტიციის სახლის სახელმწიფო და კერძო სექტორის 470-ზე მეტ სერვისს ადგილზე მიაწვდის.
პროექტი, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2021 წლის სექტემბერში დაიწყო და 2 წელზე ნაკლებ დროში მთელი საქართველო მოიცვა. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის დაფარვით, “მობილური იუსტიციის სახლი” უკვე მთელ საქართველოშია და ყველა რეგიონის ათეულობით სოფლის მოსახლეობას ემსახურება.
პროექტის დაწყებიდან დღემდე მობილური იუსტიციის სახლის სერვისებით 60 სოფლის 33 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.
„მობილური იუსტიციის სახლის“ ახალმა ავტომანქანამ პირველი სერვისი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა. მომსახურების გაცემის პროცესს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში − პაპუნა მარგველიძე დაესწრნენ და მოქალაქეებს სერვისებით სარგებლობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც ადგილზე აწვდის სახელმწიფო სერვისებს იმ სოფლების მოსახლეობას, რომლებიც დაშორებულია რაიონული ცენტრებიდან და იუსტიციის სახლებიდან.