ვიცე-სპიკერის თანამდებობა საერთაშორისო ბერკეტია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ევროპული მომავლის გადასარჩენად, ისევე როგორც სააკაშვილის საკითხის აქტუალიზაციისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ვიცე-სპიკერის თანამდებობის ბერკეტი „ხალხის ძალას“ არ უნდა მიეცეს.
თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, ფრაქციაში მიმდინარეობს ადგილების გადანაწილება. მელიას თქმით, „ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცესპიკერობისკენ ლტოლვა იმ პარლამენტსა და მოცემულობაში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი“.
„მე არ მესმის რა შეიძლება იყოს კონტრშეთავაზება ადამიანების, რომლებმაც გააჟღერეს ამგვარი კრიტიკა. კონტრშეთავაზება იქნება, რომ სოზარ სუბარის „ხალხის ძალის“ და მსგავსი პოლიტიკური სუბიექტებისთვის მოხდეს ისეთი მნიშვნელოვანი, საერთაშორისო ბერკეტების დათმობა მათ შორის, როგორც ეს კონკრეტული ბერკეტი იქნება იმისთვის, რომ მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ შეძლოს და ადვოკატირება მოახდინოს ჩვენი ევროპული მიზნების რეალიზაციის, ისევე როგორც და მნიშვნელოვანწილად ასევე, პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ეს არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბერკეტი,რომლის გამოყენების შესაძლებლობა ჩემი აზრით არ უნდა მიეცეთ ისეთ პოლიტიკურ წარმონაქმნებს როგორებიც არიან ე.წ „ ხალხის ძალა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა.