"ცალმხრივი ბილეთი მოსკოვში ივანიშვილის რეჟიმს" - ევროპულმა საქართველომ მთავრობის კანცელარიასთან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება გააპროტესტა და კაცელარიის მიმართულებით ქაღალდის თვითმფრინავები გაუშვა.
ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ქართული ოცნების მიმართ პუტინის ჟესტი, კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენს მტერს სურს, მათი მავნებლური გზავნილი გააძლიეროს.
"არცერთი ჩვენი მოქალაქე არ უნდა მოტყუვდეს იმით, რომ თითქოს შესაძლებელია მტერთან დაალაგო ურთიერთობა, თან სახელმწიფოებრიობა გქონდეს, თან თავისუფლება, იდენტობაც შეინარჩუნო და იყო წარმატებული ქვეყანა, ეგ არის შეუძლებელი. ამ მტერს უნდა ჩვენი განადგურება და ეს ხელისუფლება ეხმარება ჩვენს მტრებს, რომ მარტოები დავრჩეთ მათ წინაშე. მათი პროპაგანდა ცდილობს, რომ საზოგადოების ნაწილი მაინც დააბნიოს, რომ ვითომ ზრუნავენ მოქალაქეებზე".- თქვა გიგა ბოკერიამ.
ევროპული საქართველოს წევრის, თენგო კირთაძის თქმით, ამ ამქციით პუტინისტური ხელისუფლებისა და კრემლის შეხმატკბილებულ პოლიტიკას აპროტესტებენ.
"ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებებს, რომელიც აზიანებს ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებს. საქციებთან დაკავშირებით, საგარეო ვექტორთან დაკავშირებით, რომელიც ეხმარება კრიზისში მყოფ პუტინისტურ რეჟიმს და კრემლს".- ამბობსთენგო კირთაძე.
ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ივანიშვილის რეჟიმი არის პუტინის ვასალი რეჟიმი, რომელიც ცალმხრივი ბილეთით უნდა წავიდეს მოსკოვში.
"ჩვენ არ ვართ წინააღმდეგები, ვისაც რუსეთი უნდა, ის უფრო მოკლე გზით ჩავიდეს რუსეთში, ჩვენ გვაქვს პრობლემა ამ მთავრობასთან, ამ რეჟიმთან. მიგვაჩნია, რომ ამ რეჟიმის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯია, თითქოს რუსეთს ჩვენთან მშვიდობა უნდა და "აი, სტატუსი ვერ მოგვიტანა ბიძინამ, მაგრამ სამაგიეროდ, რუსეთთან მშვიდობა უზრუნველყო".
ეს ყველაფერი უნდათ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დასაშანტაჟებლად და მათ ტროლშეტევებსა და განცხადებებშიც ძალიან კარგად ჩანს. "მაშინ ამერიკამ მოგვცეს უვიზო" - გამოიყენონ საპირწონედ, რომ ჩაუვარდებათ საქართველოს ეროვნული, ისტორიული მისისკენ სვლა და სტატუსს ვერ მიიღებენ, ამ ზიანის კონტროლი უნდათ ამით, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს რეჟიმი მოკლე გზით, ცალმხრივი ბილეთით უნდა წავიდეს მოსკოვში".- აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი.