ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის სპიკერი, პიტერ სტანო რუსეთის მხრიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება იწვევს შეშფოთებას და ბადებს კითხვებს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს აფერხებს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
"ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ მიიღო რუსეთიდან და რუსეთში ფრენების განახლების გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთმა ფრენებზე აკრძალვა მოხსნა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი და სასტიკი ომის გამო ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმაც დაუწესეს სანქციები რუსეთის ავიაციის სექტორს, რის შედეგადაც ჩვენ და პარტნიორები კრძალავენ ფრენებს რუსეთიდან, რუსეთში და რუსეთის თავზე. საქართველოს ხელისუფლების ეს ბოლო გადაწყვეტილება იწვევს შეშფოთებას და ბადებს კითხვებს საქართველოს ევროპულ გზასთან და იმ შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმებაში არის გათვალისწინებული”, - ამბობს პიტერ სტანო.
ამასთან, მისი თქმით, შემცირებულია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის საჭირო ვალდებულებების შესრულების მაჩვენებელი - 44%-დან 31%-მდე.
"ასე რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებთან და დეკლარაციებთან შესაბამისობა შემცირდა ისედაც დაბალი 44%-დან მხოლოდ 31%-მდე. ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ეს ძალიან სამწუხაროა". - აღნიშნავს საგარეო საქმეთა სამსახურის სპიკერი.
პიტერ სტანომ, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ არ არის უსაფრთხო რუსეთის საავიაციო სექტორის საქართველოში თავისუფლად შემოშვება.
"ნება მომეცით გავიმეორო ის, რასაც ვამბობდი გასულ კვირას, და გავიხსენო გაეროს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შეშფოთება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდა რუსეთის საავიაციო სექტორისა და რუსული თვითმფრინავების საერთო უსაფრთხოების შესახებ", - განაცხადა სტანომ.