„მოვუწოდებთ მმართველ გუნდს 12 პუნქტის შესრულებისკენ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების და შემოსული რუსეთის მოქალაქეების კონტროლისკენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებით რუსეთთან საგარეო პოლიტიკის გატარებისკენ, რაც გულისხმობს საქართველოს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურ დაცულობას“,-ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა, ალექსანდრე მოწერელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენა ეწინააღმდეგება ქართველი ერის ნებას, რომ გახდეს ევროკავშირის ნაწილი.
„ჩვენ კარგად გვახსოვს რუსეთის ქმედებები, ქართველების ეთნიკური ნიშნით სატრანსპორტო თვითმფრინავებით გამოძევება, გაზის მაგისტრალების აფეთქება, ელექტროგადამცემი ხაზების მწყობრიდან გამოყვანა, რაც ახლდა რამდენიმე ომს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთთან.
მთელი ეს პერიოდი, რუსეთი ცდილობს საქართველოს დაჩოქებას, განადგურებას. გვახსოვს ცინიზმი, ანტიქართული პროპაგანდა რუსეთში, ჩვენი ეკლესია-მონასტრების გადაღებვაც.
დღეს, თითქოს რუსეთი გულმოწყალე გახდა და გვიწყალობა უვიზო რეჟიმი. და არ იშურებს თბილ სიტყვებს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ.
რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი დააბრუნებს მიტაცებულ ტერიტორიებს და უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას“,-განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.