მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო, სპეკულაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ აჟიოტაჟი შექმნას ამ საქმის გარშემო, ისინი ცდილობენ სპეკულირებას იქ, სადაც ამის საბაბი არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, სწორედ ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში.
„დღეს ეს ადამიანები სპეკულირებენ. აქედან ჩანს, რომ ისინი არიან სპეკულანტები. ვინც დღეს სპეკულირებს ამ საკითხით, ის არის სპეკულანტი და მეტი არაფერი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, თავს იწონებდნენ, პირდაპირ ლარსზე მიდიოდა მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი და თავს იწონებდა იმით, რომ მასპინძლობდა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში. ახლა ეს პოლიტიკური ძალა როცა ცდილობს, ისპეკულიროს ფრენების აღდგენით, ისინი არიან ჩვეულებრივი სპეკულანტები და სახელმწიფოს მტრები“, – განაცხადა კობახიძემ.