ოპოზიციას ვთავაზობთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები წარადგინოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ეს საშუალებას მისცემთ, განსაზღვრონ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, ამ საკითხზე მიღწეულ იქნას კონსენსუსი.
„ოპოზიციასთან გვაქვს გარკვეული შეთავაზება. მოგეხსენებათ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი ევროპული რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტია. ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან 15-მდე კანდიდატი აკმაყოფილებს როგორც კომპეტენციის, კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რაც კარგად გამოჩნდა, მათ შორის, მათთან გასაუბრების დროს, რომელიც გაიმართა პარლამენტში. თუმცა ჩვენი პოზიციით ჩვენ არ შევზღუდავთ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ, ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს ვთავაზობთ, წარმოადგინონ მცირე, მოკლე დასაბუთებით მათთვის მისაღები კანდიდატები ხვალინდელი დღის განმავლობაში. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, ამ საკითხზე მიღწეულ იქნას კონსენსუსი. თუ იქნება დადებითი შედეგი, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო ჩქარა ვიზრუნებთ იმასთან დკავშირებით, რომ კენჭისყრა მოხდეს.
ყველა შემთხვევაში, ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ, თუმცა უმჯობესი იქნება, რომ ჩვენი პოზიციები რაღაც ნაწილში მაინც დაემთხვეს ერთმანეთს. ამიტომ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ხვალ ველოდებით მათი მხრიდან კონკრეტულ ადამიანებთან, კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებულ პოზიციას, მოკლე დასაბუთებას, რატომ არის მათთვის მისაღები, რატომ დაუჭერენ კონკრეტულ ადამიანებს მხარს. შედეგების შესახებ, არის თუ არა თანხვედრა, კონსენსუსის შანსი ამასთან დაკავშირებით, დღის ბოლომდე საზოგადოებას დამატებით ჩავაყენებთ საქმის კურსში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.