სალომე ზურაბიშვილი ტელეკამერების წინ ვეტოს ხმალივით იქნევს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა”, ალუდა ღუდუშაურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების წარდგენის ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების შესახებ.
"ქალბატონი პრეზიდენტი ტელეკამერების წინ ამ ვეტოს ისე იქნევს, როგორც ხმალს. ამიტომ, მე მას განვუმარტავდი, რომ იქნებ თავის აპარატს უთხრას, რა შემთხვევაში შეიძლება, ვეტო იყოს გამოყენებული [...] როდესაც ქალბატონი პრეზიდენტი არარსებულ კანონზე ასეთ განცხადებას აკეთებს, მე ვფიქრობ, მან თავისი აპარატის წარმომადგენლები როგორც მინიმუმ აუცილებლად უნდა დატუქსოს". - თქვა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების წარდგენის ახალი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დღეს, 15 მაისს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიცირებული ცვლილებების თანახმად, თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
არსებული კანონმდებლობით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების წარდგენის ახალ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ერთპარტიული დანიშვნები სახელმწიფოებრიობასა და ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება.