მგონია, რომ უვიზო მიმოსვლის აღდგენას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს მოსახლების ძალიან დიდი უმრავლესობა შეხვდა დადებითად, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში კვლავ ცხოვრობენ, შეიძლება, სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს.
„ეს იქნა აღქმული გადაწყვეტილებად, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და არავითარი საფუძველი, რომ ჩვენი მოქალაქეები ყოფილიყვნენ დასჯილები და ვალდებულები რომ მრავალდღიანი, მრავალკვირიანი პროცედურები გაევლოთ ხოლმე, რათა საკუთარი ოჯახის წევრი ენახათ, საკუთარი შვილიშვილის დაბადება აღენიშნათ ან ტრაგიკულ შემთხვევებში სამგლოვიარო ცერემონიას დასწრებოდნენ, ეს აღარ იქნება საჭირო. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში კვლავ ცხოვრობენ, ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს. მთავარი არის ასევე ის, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ჩვენ დავიცვათ სანქციები, რომლებიც მოქმედებს და მივესალმმებით იმ ერთადერთ, სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიიღო, სხვაგვარად ვერც იქნებოდა და ამ გადაწყვეტილების თანახმად, თითოეული ბორტი, თითოეული ხომალდი ასე ვთქვათ და თითოეული ავიაკომპანია გაივლის მკაცრ კონტროლს, მხოლოდ მათ შეეძლებათ ჩვენს საჰაერო სივრცეში მოძრაობა, ვინც არ არის სანქციას დაქვემდებარებული. ეს გადაწყვეტილება არის სწორი გადაწყვეტილება და რაც მთავარია, იქნება განუხრელად დაცული. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ ვითარებას, როდესაც ერთი მხრივ, ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და მეორე მხრივ, ჩვენ დავიცავთ ყველა იმ სანქციას, რომელიც დასავლურ სამყაროს აქვს დაწესებული, როგორც ამას ვაკეთებდით აქამდე“, – განაცხადა წულუკიანმა.