სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწადნახევრიან კამპანიას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სარჩელს პერსპექტივა ვერ ექნებოდა, რადგან ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები, დაწესებულებები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაცული იყოს თითოეული პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის უფლებები.
„თავიდანვე ვამბობდით, რომ სტრასბურგში ამ სარჩელს არ ჰქონდა არავითარი პერსპექტივა და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები, დაწესებულებები ყველაფერს აკეთებენ, რათა თითოეული პატიმრის უფლებები იყოს დაცული, მათ შორის პატიმარ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული. ამ პირობებში ასეთ სარჩელს ვერ ექნებოდა პერსპექტივა. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწადნახევრიან კამპანიას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. ეს იყო სიცრუეზე, სიყალბეზე აგებული კამპანია და ამ კამპანიას დაესვა წერტილი სტრასბურგის გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ეს არის ადამიანის უფლებების სტანდარტები, ეს არის ჰუმანური მიდგომის სტანდარტები, რაც 2012 წლიდანაა დანერგილი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.