დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის ძალებმა ბახმუტთან მხოლოდ დღეს დაახლოებით ხუთი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაკარგეს. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პრიგოჟინი მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც მანამდე დაადასტურა მისი ძალების უკან დახევა და ამას უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე გადასვლა უწოდა.
პრიგოჟინი თავდაცვის სამინისტროს ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს იყო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილების გაქცევა.
პრიგოჟინმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ დაიკავა ბახმუტთან ყველა ტაქტიკური სიმაღლე. „ვაგნერის“ ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინის ძალებმა სრულად გაათავისუფლეს ჩასივ იარისა და ბახმუტის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ბახმუტში უკრაინის ძალების მომარაგების მნიშვნელოვან მარშრუტს წარმოადგენს.
„ამჟამად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ქვედანაყოფები აკონტროლებენ დასახლებულ პუნქტ ბახმუტის 95%-ს და აგრძელებენ შეტევას მისი სრული გათავისუფლებისთვის. „ვაგნერის“ ფლანგებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები იმყოფებიან, მოწინააღმდეგემ რამდენიმე წარმატებული კონტრშეტევა განახორციელა. რთული ოპერატიული სიტუაციის, ასევე საბრძოლო მოქმედებების წარმოების თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გთხოვთ, ჩამოხვიდეთ ბახმუტის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის სამხედრო დანაყოფების კონტროლის ქვეშ იმყოფება და თავად შეაფასოთ შექმნილი ვითარება“, – წერს ევგენი პრიგოჟინი.