ნიკა მელიას ვატყობდით, რომ თავი პოლიტიკოსი ეგონა, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკოსობა ასე ადვილი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ასეთ დროს პოლიტიკოსობა ადვილი არ არის, რადგან ქართველ ხალხს არ დავიწყებია, რა გაუკეთეს მას, რა დაუშავეს და რა ცუდი საქმეებიც გაუკეთეს იმავე ადეიშვილმა, კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა. ამიტომ მე ნიკა მელიას ბედით ვერ ვიქნები შეწუხებული. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ის ვერ შედგა ჯერჯერობით, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ოდიოზური წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მას ალბათ უფრო მეტი რესურსი აქვს. ეს ჩემი შეფასებაა, რომ მომავალში იქნებ და შედგეს პოლიტიკოსად, არ ვიცით ჯერ ეს, მაგრამ ვერ შედგა ის დღეისათვის პოლიტიკოსად, რადგან მისი საყვარელი პარტია არ იმართება იმ პირებისგან, რომლებზეც რეალურად გვეუბნებიან, რომ მართავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელ ხელმძღვანელს, პარტიას კი არა, ორ ბატს არ მიაბარებ სამწყესად. შესაბამისად, ძნელია, ვინმემ დაიჯეროს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მართავს ის ხუმარა კაცი, რომელზეც გვეუბნებიან, რომ ეს არის ჩვენი ლიდერიო. რა თქმა უნდა, ლიდერები არიან სხვები. გასაგებია, რომ ახლა, ამდენი წლის მერე, 11 წლის მერე, 10 წლის მერე, ნიკა მელიას ეყო ვაჟკაცობა და სიმართლე თქვა“, – განაცხადა წულუკიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. როგორც მელიამ აღნიშნა, პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა.