„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ხელისუფლება თუ ასე გააგრძლებს, რუსთაველზე ისევ შეიკრებება ბევრი ხალხი და აღარ დაიშლება.
მისივე თქმით, ავიამიმოსვლის აღდგენა და პუტინთან კავშირების გაღრმავება დღეს, ზელენსკის და "ვიღაც არახამიას" ჯიბრზე არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი.
„ვინც ვერ ხედავს საით მივექანებით - გაახილეთ თვალები!
ვინც ხედავს და თვალს ხუჭავს - უბრალოდ მედროვეები და კონფორმისტები ხართ!
ოღონდ დღეს იყოთ კარგად.
არაფერს ვამბობ ვიზების მოხსნაზე. ნეტა ყველა წავიდოდეს, ვისაც გული მიუწევს. ერთია, რომ ზუსტად ადეკვატური რეჟიმი უნდა დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე. ანუ ერთ შესვლაზე მაქსიმუმ 90 დღე და წელიწადში მაქსიმუმ 180 დღე. არ ხართ ამის გამბედავები თქვენ და ამას ბალანსის პოლიტიკას ეძახით. სადაა აქ ბალანსი, ამიხსენით. ან ღირსება სადაა?
ავიამიმოსვლის აღდგენა და პუტინთან კავშირების გაღრმავება დღეს, ზელენსკის და "ვიღაც არახამიას" ჯიბრზე არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი!
ნუ ავრცელებთ სიცრუეს, თითქოს მოსკოვში ყველა დაფრინავს. ეს სიცრუეა. მოსკოვში ყაზახეთიც კი არ დაფრინავს! ყაზახეთშიც კი ვერ დაფრინავს ვერცერთი რუსული ავიაკომპანია. ასევე, ევროპა სრულიად დაკეტილია რუსეთისთვის. არავინ დაფრინავს. რუსეთს საჰაერო მიმოსვლა შერჩა მხოლოდ თურქეთთან, სომხეთთან, ბელარუსთან, ჩინეთთან და ასეთ ქვეყნებთან. სად მიძვრებით? სად ჯანდაბაში და მოუსვლელში? დაგვაყენეთ რა სახლში. დაგვანებეთ თავი. მოგვეცით წყნარად ცხოვრების საშუალება.
ამ ქვეყანაში იდიოტები არ ცხოვრობენ. გააგრძელებთ ასე - ისევ გადაიჭედება რუსთაველი და აღარც დაიშლება“, - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.