„ნაციონალური მოძრაობა“იმართება იმ მოდელით, რომელიც ქართულ ოცნებას კარგად აქვს აპრობირებული, ეს არის კლანური მმართველობა კაპიტალით მმართველობა, - "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პარტია უმძიმეს მდგომარეობაშია.
"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ამის თქმა, რომ პარტია, უმძიმეს მდგომარეობაშია. რაც არ უნდა თქვას მავანმა, ჩემმა ყოფილმა თანამებრძოლებმა, და რატომ ყოფილმა, იმიტომ რომ ღირებულებითი და ფასეულობითი დისტანცირება შეიმჩნევა, თუმცა ჯერ-ჯერობით მთავარი ღირებულებების ირგვლივ ხედვას, რაც ძირითადად საგარეო კურსს ეხება ძირითადად. სხვა მხივ, რაც უფრო მეტი დრო გადის, ვატყობ, რომ უფრო მეტი და მეტი საერთო ნიშანი აქვს დღევანდელ მენეჯმენტის პირობებში "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას". სულ უფრო მეტი და მეტი ნიშანია მათ შორის, ამის აღიარება მე ძალიან მიმძიმს"- განაცხადა მელიამ "რეაქციაში".
მისი თქმით, პარტია "არაფორმალურად, კლანურად" იმართება. მელიას განცხადებით, ენმ-მ სოლიდურობა, პერსპექტივა, ზრდის პოტენციალი დაკარგა.
"(ენმ იმართება) იმ მოდელით, რომელიც ქართულ ოცნებას კარგად აქვს აპრობირებული, ეს არის კლანური მმართველობა კაპიტალით მმართველობა, მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური ძალებით მმართველობა, არადა ეს არ არის ის რისთვისაც ათასობით მხარდამჭერი იბრძოდა" - თქვა მან.