სამწუხაროდ, არ ისმის საზოგადოებაში კითხვა, 2008 წელს რატომ არ დაიწყეს ან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ან ჩვენმა ხელისუფლებამ სანქციების დაწესების კამპანია, ვინმეს რამე სანქციები დაუწესეს? ნული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„მთავარი გვავიწყდება ჩვენ და სამწუხაროდ არ მესმის არც ეთერებში და არც საზოგადოებაში არ ისმის კითხვა – პირველი ვიყავით ჩვენ 2008 წელს, როცა ომი მოხდა, უბედურება, რუსეთთან იყო მომაკვდინებელი, ძალიან მძიმე ომი. დავკარგეთ შედეგად კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი და ოკუპირებული არის ჩვენი ძირძველი ტერიტორიები. ვინმეს კითხვა უჩნდება, რატომ არ დაიწყეს ან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ან ჩვენმა ხელისუფლებამ, სხვას რატომ უნდა მოვკითხოთ პასუხი, კამპანია სანქციების დაწესების, პოლიტიკის გადახედვის შესახებ. ვინმეს რამე სანქციები დაუწესეს, რუსეთს? ნული.
აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენთან, აქ, ხომ დაინგრა, ხალხი დაიღუპა, დავკარგეთ ტერიტორიები, არაფრის გადახედვა არ მოხდა არავისგან. პოლიტიკა გაგრძელდა ისე, როგორც იყო და თუ გაინტერესებთ, რამდენი, რა ღირებულების საქონელი შეიძინა რუსეთისგან ევროკავშირმა. 2.5 ტრილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა ომის შემდეგ. რა სანქციებზე იყო საუბარი. ე.ი. ჩვენი ტერიტორია რომ არის ოკუპირებული დღეს და ომი რომ გვქონდა, ამაზე არავინ არც სანქციები დააწესა.
მე ასევე მახსოვს, 2019 წელს, როცა ფრენები შეაჩერა რუსეთმა, მაშინ გამოდიოდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ევროკავშირი, მოუწოდებდა რუსეთს, რომ აღადგინე ფრენებიო. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინას და უკრაინელებს. ძალიან მინდა და ყველას გვინდა, რომ ეს უბედურება დასრულდეს მალე. და უკრაინაში რადგანაც არის ომი და ეს უბედურება, ანუ ამის გამო თურმე ჩვენ უნდა ჩავყვეთ, გავნადგურდეთ, ომი უნდა იყოს, მეორე ფრონტი უნდა იყოს, ჩვენი ქალაქები დაიბომბოს, გასწორდეს, პოლიგონად გადაიქცეს და ჩვენს ხალხს არ უნდა მიეცეს ამოსუნთქვის საშუალება. ლოგიკა სად არის? როცა მე ვეკითხები ჩვენს ევროპელ, დასავლელ მეგობრებს, თქვენ რომ მეუბნებით მე, რომ შეწყვიტე ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?! თქვენ რატომ არ აჩერებთ ვაჭრობას?! შარშან 300 მლრდ დოლარი რატომ მისცეს რუსეთს. აი, კითხვა მაქვს ძალიან მარტივი, როგორც მოქალაქეს, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ რომ გვეუბნებიან, რომ არ იფრინოთ, ვაჭრობა არ გინდათო. ამით დაიწყებენ, ჯერ იტყვიან, რომ არ იფრინო. რატომ, ტურისტები არ გვინდა?! მერე გვეტყვიან ალბათ, რომ ტურისტები არ შემოუშვა და აღარ მინდა გავაგრძელო. მე ჩვენი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. აი, ეს არის მთავარი მიზანი. მჯერა, რომ ღმერთის დახმარებით ჩვენ ამ გზას მშვიდად გავივლით და გავიყვანთ ქვეყანას სამშვიდობოზე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.