პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს. გუშინდელი მისი ნაბიჯით, ის ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს,“ - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი ეხმიანება რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
„პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს. გუშინდელი მისი ნაბიჯით, ის ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს. მას დღემდე ვერ უპატიებია ჩემთვის და ქართველი ხალხისთვის 2008 წელს რომ ეს ვერ შეძლო.
რა თქმა უნდა, ის არ დაელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, არამედ მანამდე, ბევრად უფრო სწრაფად იმოქმედებს.
ამიტომ, ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მთელი საზოგადოების კონსოლიდაციის დემონსტრაცია, რათა მან დაინახოს, რომ აქ არ ელის ადვილი გასეირნება.
Ps. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ყოველდღე მაქვს 160/100 წნევა, 38°C, გრძელდება წონის კლება და უკვე ყოველდღე ხდება სისხლის პლაზმის გადასხმა საჭირო იმიტომ, რომ სერიოზული პრობლემებია სისხლის ანალიზებში.
ამას აქ იმიტომ ვწერ, რომ ჩემს ადვოკატებს აფერხებენ ჯანმრთელობის იმ დოკუმენტაციის მოპოვებაში, რაც კანონით გვეკუთვნის. გვისახელებენ აბსურდულ მიზეზებს, როგორიცაა თანამშრომლის შვებულებაში ყოფნა.
გვაფერხებენ, რათა ვერ შევძლოთ საბუთების დროულად წარდგენა სტრასბურგში, ამავე მიზნით არ უშვებენ ევროკავშირის ექიმთა ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყნის მანდატით აღჭურვილი უკვე თვეების განმავლობაში მზადაა ჩამოვიდეს და ჩაერთოს ჩემი ჯანმრთელობის საკითხში,“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.