უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით ეფექტიანი კონტრშეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც გარკვეულ მონაკვეთებზე მტერმა 2 კილომეტრით უკან დაიხია. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ოლექსანდრ სირსკი Telegram-ზე წერს.
„კარგად მოფიქრებული თავდაცვის წყალობით ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ქვედანაყოფების ეფექტიანი მოქმედებების შედეგები მივიღეთ, მათ შორის ვატარებთ ეფექტიან კონტრშეტევებს. ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე მტერმა ვერ გაუძლო უკრაინელი დამცველების წნეხს და 2 კილომეტრით უკან დაიხია“, - წერს სირსკი.
სახმელეთო ჯარების მეთაურის თქმით, გონივრულმა თავდაცვითმა ოპერაციებმა გამოფიტეს დაჯგუფება „ვაგნერის“ მომზადებული ძალები - ზოგიერთი მიმართულებით ისინი იძულებულები გახდნენ პოზიციები დაეთმოთ რუსეთის რეგულარული არმიის ცუდად მომზადებული ქვედანაყოფებისთვის, რომლებმაც მარცხი განიცადეს და უკან დაიხიეს.
„ჩვენი თავდაცვის ძალები საიმედოდ აკავებენ ფრონტს და მტერს არ აძლევენ წინ წასვლის საშუალებას“, - წერს სირსკი.