საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება არის რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, ნებისმიერი ქვეყანა თავად წყვეტს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს დაუწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი ქვეყნისთვის მოხსნას.
„სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან დაკავშირებულ უვიზო მიმოსვლას. მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, როდის და რა რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომელმაც მოუხსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა. ეს იქნა მიღებული სწორედ წინა ხელისუფლების დროს, ყველაზე დიდი და სენსიტიური საკითხი ამაში არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორი წლის თავზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ. ასე რომ, როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ ამ საკითხზე და მოქალაქეებისთვის ვიზების მოხსნა-დაწესების საკითხზე, მინდა, შევახსენო, რომ ის გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული 2010 წელს. დღეს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოუხსნას ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის არის ჩვენი საზრუნავი, მათ შორის ამ შემთხვევაში. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. გადაწყვეტილება გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა“, – აღნიშნა მინისტრმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.