ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც დასავლეთის მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ეხება.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, შალვა პაპუაშვილს და ქართულ ოცნებას არ გაულაშქრია რუსეთიდან მომავალ ფულზე, მათ გაილაშქრეს დასავლეთიდან მომავალ ფულზე, რომელიც თითქოს ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობს.
მისი თქმით, მსგავსი ქმედება ახასიათებს ყველა ასეთ რეჟიმს, როგორებიც მაგალითად იყვნენ ასლან აბაშიძე, ლუკაშენკო, იანუკოვიჩი და პუტინის რეჟიმები.
„გარდა იმისა, რომ უბრალოდ სიცრუეა და დასავლეთიდან პარტიების დაფინანსება არ ხდება, ეგ არის იმავე ხაზის გაგრძელება, თუ სად ხედავენ მტერს და საფრთხეს - რუსეთში არა. როდის გახსოვთ ქართული ოცნების პროპაგანდა პუტინისტური ჯგუფების მიმართ, თუ საიდან მოდის მათი ფული? რაიმე მოქმედებას ხედავთ მტრისგან მომავალ ჯგუფებზე, რომლებიც ღიად ქადაგებენ, რომ რუსეთის ბაზები უნდა იყოს საქართველოში, მათ წინააღმდეგ არა თუ ნაბიჯი, არამედ განცხადება მოგისმენიათ სერიოზული? - არა, რა თქმა უნდა.
ბოკერიას თმით, სამოქალაქო ჯგუფებთან წამოსული ფული მათივე შიდა რეგულაციებით არის გამჭვირვალე და ცნობილი, ხოლო ამ ფულის პოლიტიკურ ოპოზიციასთან გაიგივება არის იგივენაირი ავტორიტარული რეჟიმების ხელწერა ერთი-ერთში.
"სინამდვილეში პოლიტიკური პარტიები შეიძლება მუშაობდნენ იმ თემებზე, რომლებიც სამოქალაქო ჯგუფებისთვის არის მნიშვნელოვანი, თუ ეს თემები მათ ფასეულობებთანაც ახლოს არის.მაგალითად, თუ რომელიმე ჯგუფი აწარმოებს ნაფიც მსაჯულების გაფართოების კამპანიას, ჩვენი პოლიტიკური პარტიის პოზიციაც ასეთია და ბუნებრივია, მაგ შემთხვევაში გვექნება შეხება, თუმცა როგორც კი ამას დაარქმევ, რომ პარტიების ფარულად დაფინანსება ხდება, ეგ არის, იანუკოვიჩის, ლუკაშენკოს, ასლან აბაშიძეს და პუტინის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმების გზავნილი“ - თქვა გიგა ბოკერიამ.
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით.“