უკრაინა რომ უყვარდეს, ერთხელ გინახავთ იარაღით ხელში ფრონტის ხაზზე? გინახავთ ბახმუტში ჩასული? საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად სცალია? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ უკრაინის რადის მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას შესახებ საუბრისას განაცხადა და მას ხელმოცარული უწოდა.
„ვწუხვარ, რომ დროს მაკარგვინებთ ამ ხელმოცარულზე. საკუთარ პარტიაშიც კი, სადაც ხელისუფლებაში არიან, პრეზიდენტმა ვიზები გაუუქმა მას, გონჩარენკოს და კიდევ რამდენიმეს, სახელმწიფოს ხარჯზე დაფრინავ ევროპაში უსაქმურადო. ეს ხელმოცარული ოპოზიციურ არხებს ახლა ექსპერტებად ჰყავს. ვის აინტერესებს არახამია, რომელმაც ქართული არ იცის, დაბადებული და გაზრდილია რუსეთში. პატივს არ სცემს საკუთარ წინაპარსაც, მშობლებს, გვარი ბრაუნად გადაიკეთა. ახლა თქვენ გგონიათ, ის საქართველოსთვის და ქართველებისთვის იბრძვის? რეალურად, მას უკრაინა რომ უყვარდეს, ერთხელ გინახავთ იარაღით ხელში ფრონტის ხაზზე? გინახავთ ბახმუტში ჩასული? საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად სცალია? ვინ ჰკითხავს ამას. ეს არის „ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტი არასამთავრობოების თუ ტელევიზიების საყვარელი რესპონდენტი, რომელსაც ნოლი ავტორიტეტი აქვს. აბა, ნახეთ, უკრაინელები რას გეტყვიან დავით არახამიაზე. ეს კაცი ხელმოცარულია. იცით, როგორ კარგად ვხედავ, თუ როგორ გაასამართლებენ უკრაინელები დავით არახამიას და ასეთ ნაძირლებს? ისინი უკრაინის ინტერესებს არ ემსახურებიან, რასაც უკრაინელი ხალხი და მთელი მსოფლიო მალე ნახავს. ეს ადამიანი არის ნოლი, უავტორიტეტო, უსამშობლობის კოჰორტაა გონჩარენკოები და არახამიები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, რომ დავით არახამია დიდი ხანია, ქართულ პოლიტიკაშია ჩართული, რაც მიუღებელია.
„იმდენად უმნიშვნელოა მათი როლი და გავლენა, პირიქით, რაც მეტად ჩაერევა, კიდევ მეტად ნახავს ქართველი ხალხი „ნაცების“ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ. საკუთარი ქვეყნის ფრონტის ხაზზე არ არის გასული, აიღოს იარაღი ხელში და გავიდეს, ეს დაიცავს საქართველოს ინტერესებს? რისი სტატუსის მიმცემია ეგ თვითონ უსტატუსო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
უკრაინის რადის ფრაქციის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოში ხალხს სურს ევროპა, არის საშინაო დავალებები და გზა, გპირდებით, ჩემს პრეზიდენტთან ერთად, დავეხმარები მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის სწრაფად გადალახვაში“.