არახამია იქნება თუ უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, როგორც საქართველოს მოქალაქე, მადლობელი ვარ, რომ აფიქსირებენ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა მათთან ურთიერთობები გაეფუჭებინა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში მშვიდობის და ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერად რჩება.
„მართალია, ირაკლი ღარიბაშვილი მას ვიღაც არარაობას უწოდებს, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ დღეს არახამიას ერთ სიტყვას ბრიუსელში, ვაშინგტონსა და სხვაგან ბევრად მძიმე წონა აქვს, ვიდრე საქართველოს მთავრობას თავისი ბიძინა ივანიშვილიანად, ერთად რომ გადაადნო. არახამია იქნება თუ უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, როგორც საქართველოს მოქალაქე, მადლობელი ვარ, რომ აფიქსირებენ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მათთან ურთიერთობები გაეფუჭებინა. ქვეყნიდან, რომელიც ვითომ უკრაინის მოკავშირეა, 24 თებერვალს, ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ოფიციალური დელეგაცია არ ჩავიდა უკრაინაში. მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში მშვიდობის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერად რჩება და ამისთვის ჩვენ მათი მადლობლები ვართ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილის თქმით, ითანამშრომლობენ საქართველოს ყველა მეგობართან, როგორც ევროკავშირში, აშშ-ში, ასევე უკრაინაში.
„მადლობელი ვართ ყველა პოლიტიკოსის ყველა ქვეყანაში, რომელიც მხარს უჭერს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, რადგან ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ახლაც კი, როდესაც „ქართული ოცნება“ სრულ საბოტაჟს უწევს ქვეყნის ევროპულ დღის წესრიგს, საქართველომ არ დაკარგოს შანსი. შეგვიძლია, მხოლოდ ღრმა დაფასება გამოვხატოთ ბატონი არახამიას თუ სხვა პოლიტიკოსების პოზიციის მიმართ, რომლებიც ღიად აფიქსირებენ ჩვენი ევროპული მომავლის მხრდაჭერას“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
უკრაინის რადის ფრაქციის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოში ხალხს სურს ევროპა, არის საშინაო დავალებები და გზა, გპირდებით, ჩემს პრეზიდენტთან ერთად, დავეხმარები მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის სწრაფად გადალახვაში“.