პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში ყურადღება გამახვილებული იყო ტრადიციებზე, კულტურაზე, ღირებულებებზე, ოჯახზე. თუ ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის ევროპის სოციალისტურ პარტიასთან, მაშინ არაფერი გვესაქმება ამ პარტიაში, თუმცა თანამშრომლობას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„არაერთხელ გვითქვამს და ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს გამეორება, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რითიც ვამაყობთ – ჩვენი ქვეყანა, ჩვენი წარსული, ტრადიციები, ღირებულებები. ერთი მაგალითი მომყავს – ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ღირებულებებით უნდა გავხდეთ იმ ოჯახის წვრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია და რასაც ამდენი წლის განამვლობაში ვაკეთებთ. ამ ტიპის განცხადებებს როცა ვისმენთ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გულდასაწყვეტია. თუ მათ მართლა აქვთ ეს დამოკიდებულება, მოდი, ვნახოთ, რაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, რაზე იყო ყურადღება გამახვილებული – გამახვილებული იყო ტრადიციებზე, კულტურაზე, ღირებულებებზე, ოჯახზე. თუ ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ პარტიასთან, მაშინ ჩვენ არაფერი გვესაქმება ამ პარტიაში, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცეპრეზიდენტმა, კეტი პირმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება. „საქართველოს მოსახლეობის მხრიდან საჭიროა, მოსთხოვოთ თქვენს წარმომადგენლებს შესაბამისი რეფორმები. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“, – აღნიშნა კეტი პირმა. მისივე თქმით, პოლიტიკურ გაერთიანებაში "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა და მას არავინ უჭერს მხარს. მისი თქმით, პარტიაში უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.