ხელისუფლება როდესაც აცხადებს, რომ არჩევნებით წასვლას არ აპირებს, ცესკო-ს თავმჯდომარეს ნიშნავს, რათა ბოლომდე მის მიერ იყოს მართული, როდესაც არანაირი ცვლილება არ უნდა სასამართლოში, ქვეყანაში არჩევნები თუ აზრს დაკარგავს, მაშინ ხელისუფლების უზურპაციისგან გამოსავალი არის რევოლუცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
რომან გოცირიძემ კომენტარი გააკეთა ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის განცხადებაზე, რომ რევოლუციაზე საუბარი ჩვეულებრივი ამბავია და ამაზე ლექციებზეც საუბრობს, თუ ახალგაზრდები კითხვას დასვამენ რევოლუციასთან დაკავშირებით.
„მშვიდობიანი რევოლუცია იყო სომხეთში, შედეგიანი რევოლუცია იყო საქართველოში და ძალიან ბევრ ქვეყანაში ხალხს ხელისუფლება შეუცვლია. ამიტომ ალბათ ხალხი თავად იგრძნობს, რა ფორმით უნდა გაუშვას პრორუსული ძალა ხელისუფლებიდან – არჩევნების გზით თუ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, კინწისკვრის გზით. ასე რომ, სიტყვა რევოლუციით ნურავინ ნურავის აშინებს. გვინახავს რევოლუცია ჩვენც, მათ შორის საქართველოში. არავინ სროლას არ აპირებს და არავინ აპირებს იარაღით პარლამენტში შეჭრას. ხალხის დიდი მასის გამოსვლის შემდეგ, ხელისუფლებები იძულებული არიან, ჩაატარონ რიგგარეშე არჩევნები ან არჩევნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, გამარჯვებული უკვე ცნობილია. ხელისუფლება როდესაც იძულებულია, არჩევნები ჩაატაროს, ეს ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება მიდის. ამიტომ რევოლუცია ყოველთვის არ ნიშნავს ხელისუფლების არჩევნების გარეშე დათმობას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.