უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, დიდი, დამანგრეველი ომის მალე დასრულებას, არახამიას არავინ ეკითხება, ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმესა და პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, ნიკა გვარამისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოგვარების გარეშე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები ვერ მოგვარდება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დავით არახამიას ნათქვამზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
„ე.ი. არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე გინდათ, გავაკეთო კომენტარი? არახამიას ნათქვამზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დიდი დამანგრეველი ომის მალე დასრულებას. მინდა, ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ მიერ ნახსენები ადამიანი და ჩვენი ეს ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდეც, ომის შემდეგ და დღესაც, ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო; გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რათა მოეყვანათ ფაშისტური, ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება მათ გეგმას, ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ, საზოგადოებამ ძალიან ბევრი ფაქტი ნახა კოორდინააციის, შეთანხმებული მოქმედებების. ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია პირდაპირ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. მას არავინ არ ეკითხება, აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ თავის თავს. ერთი რამ მინდა, ვთქვა, უკრაინას ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას, მშვიდობას და ამ ომის მალე დასრულებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.