პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა უკრაინის რადის ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას „მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ ევროპულ მომავალს იმსახურებს ქართველი ხალხი და არა – მთავრობა.
პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ სურთ ქართველი ხალხის გულის მოგება, უნდა დაიწყონ იქიდან, რომ ქართველ ხალხს ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე გამოსცენ.
„რთულია, სერიოზული კომენტარები აკეთო, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი – უპირველეს ყოვლისა, რაც უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, ეს არის საქართველოს გადმოსცეს ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ერთის წინააღმდეგ განაჩენი ხუთ საქმეზე არსებობს, მას ექვსი წელი აქვს მოსახდელი. ჯამში 19 წელი აქვს მისჯილი და ეს სააკაშვილის რეჟიმის პერიოდი რომ იყოს, მას საქართველოში შეკრებითობის პრინციპით 19 წელი ექნება მოსახდელი. თუმცა, ამ წესებით ახლა 6 წელი აქვს მოსახდელი. დღეს ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია და რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, მართლმსაჯულების რეფორმას კოორდინირებს. მეორე გია ლორთქიფანიძეა, რომელიც მთავარი მოქმედი პირია სააკაშვილის საქართველოში უკანონო შემოპარების. თუ უკრაინის ხელისუფლების ამ წარმომადგენლებს სურთ ქართველი ხალხის გულის მოგება, უნდა დაიწყონ იქიდან, რომ ქართველ ხალხს ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე გადასცენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.