დავით არახამია წარმოშობით ამ ქვეყნის შვილია და მას აქვს უფლება, ამ ქვეყანაში რაღაცას პოლიტიკურად გულშემატკივრობდეს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგი ხვიჩიამ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა უკრაინის რადის ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებაზე, რომ დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში.
„არახამია წარმოშობით ამ ქვეყნის შვილია და მას აქვს უფლება, ამ ქვეყანაში რაღაცას პოლიტიკურად გულშემატკივრობდეს. ნაკლებად მჯერა, რომ თუ ხელს არ გავანძრევთ, რამე მოხდება, მაგრამ ზოგადად, წარმოდგენა, რომ ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, ოპტიმისტურია და ვერავის აუკრძალავ, ოპტიმისტური წარმოდგენები ჰქონდეს. ეს თავისით არ მოხდება, ამ ნაწილში მაქვს უფრო კითხვები. მინდა, მჯეროდეს, მაგრამ ეს არ მოხდება იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციაა. რამე სხვა უნდა მოხდეს ქვეყანაში და ეს სხვა ჩვენი გასაკეთებელია. სურვილი, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, მარტო არახამიას არ აქვს, ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება ბევრს უნდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მან ასევე განაცხადა, რომ გასაკვირი არ არის დავით არახამია ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვდეს.
„მგონი, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მეგობარი ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდეს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის, ჟურნალისტია. თუ მას გაათავისუფლებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს“.