საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე ისევ ერთად თუ ივლიან, მნიშვნელოვანი იქნება, უკრაინას ნამდვილად შეუძლია, იყოს ძალიან დიდი ადვოკატი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განცალკევება არ არ შეიძლება ამ ძალიან მძიმე მომენტში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ და ნატო-ში ინტეგრაციის ძალიან სერიოზულ ფაზას გადის.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან არ მაკავშირებს ძალიან დიდი და მრავალმხრივი ურთიერთობა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განცალკევება არ შეიძლებოდა და არ შეიძლება ამ ძალიან მძიმე მომენტში, როდესაც ჩვენ ევროპისკენ და ნატო-ში ინტეგრაციის ძალიან სერიოზულ ფაზას გავდივართ. ეს ძალიან აზარალებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ იქნება ხელისუფლება, რომელიც რეალური სტრატეგიული პარტნიორი იქნება როგორც უკრაინის, ასევე მოლდოვის. ასევე, შეწყდება ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ისტერია.
უკრაინა არის ძალიან მძიმე ვითარებაში. რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიაა უკრაინაში, ოკუპირებულია ტერიტორიები, ბავშვებისა და მოქალაქეების გენოციდი მიდის. და მაშინ, როდესაც ამ პოზიციაში საქართველოს ხელისუფლება აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას და ანტიუკრაინულ გზავნილებს ავრცელებს, ეს, პირველ რიგში, ეხება გზავნილს, ყველას ომი უნდა და საქართველოში ყველას მეორე ფრონტი სურს, მან ამაზეც პასუხი გასცა. ეს, რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას.
ჩემი დიდი სურვილია, ისეთი ურთიერთობები დასრულდეს, როგორიც ახლა გვაქვს. ის ურთიერთობები აღდგეს, რომელიც საქართველოს უკრაინასთან აქვს. ქართველ ხალხზე ახლობელი, როგორც უკრაინელები ამბობენ, არავინ ეგულებათ. სამწუხაროა, რომ 24 თებერვლის შემდეგ სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ გახსნა ეს ანტიუკრაინული ცეცხლი უკრაინის მიმართ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.