სამწუხარო და სევდიანია, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური პირი, მაღალჩინოსანი იცლის იმისთვის, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთოს განცხადებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
უკრაინის რადის ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას აპირებდა, თუმცა გააფრთხილეს, რომ საზღვრის კვეთისას პრობლემები შეიძლებოდა, შექმნილიყო.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად დაცილებულია ეს ადამიანი იმ პრობლემებს, რეალურ ინტერესებს, საჭიროებებს, რომლებიც სამწუხაროდ, ომში მყოფ უკრაინელ ხალხს აქვს. იმ ფონზე, როდესაც უკრაინის უპირობო და მტკიცე მხარდაჭერას განვაგრძობთ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, მთელი საზოგადოება დგას უკრაინის გვერდით, პოლიტიკური პირი, უკრაინის პარლამენტის წევრი იცლის საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ისეთი განცხადებებისთვის, რომლებიც საქართველო- უკრაინის მეგობრობას აზიანებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საზოგადოება და ხელისუფლება ერთად აკეთებს ყველაფერს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
„სამწუხაროა, რომ დავით არახამიას ხალხი, მთავრობა, ხელისუფლება ქვეყანა და საზოგადოება ცალ-ცალკე წარმოუდგენია. საქართველო არის ერთიანი, საზოგადოება, ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა ერთად აკეთებს ყველაფერს, რათა ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ. ნურავის ექნება ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენ ქვეყნას, საზოგადოებას დააცალკევებს. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მას, ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, ვინაიდან ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას და აცილებულია იმ რეალობას, რომელიც სინამდვილეში არის. საქართველო მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ ინტეგრაციას. თუ დავით არახამია არ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს არის მისი პრობლემა და აბსოლიტურად დაცილებულია უკრაინელი ხალხის რეალურ სურვილებთან. სამწუხარო და სევდიანია, რომ ომში, ქვეყნის უმძიმეს ომში მყოფი ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი იცლის საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებისთვის და ასე აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. საქართველო რჩება უკრაინის მხარდამჭერად, უკრაინის მეგობრად და ამას დავით არახამიას ვერცერთი განცხადება ვერ შეცვლის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.