ჩვენ "დავიბადეთ" წიწამურამდე...
მზეგრძელობის დიდი იმედით და დაგვავიწყდა, რომ მზეგრძელობა არ ყოფილა ჩვენი მიზანი დაბადებამდე, და არც მას შემდეგ...
რადგანაც ქართველს უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე სიცოცხლე, თუნდაც მზეგრძელი... ანდა მიზანი - დღეგრძელობასთან გატოლებული.
ჩვენ დავიბადეთ და დაგვავიწყდა რისთვის მოვედით ამ ქვეყანაზე...
...და ამ ქვეყანას დაღლილსა და ძლიერ დაქანცულს, დაჭრილ-დაფლეთილს, დაკოჟრილსა და დადარდისგან დაღლილს, ძალიან სტკივა "ფესვები" და ის ერთი ტყვია მუდამ თან რომ გვაქვს... ილიასათვის!
***
ჩვენ ვერ შევძელით სამთა კავშირით - ენით, მამულითა და სარწმუნოებით ცხოვრება და ილიას გზით სიარული. სამაგიეროდ მოვმრავლდით და მოვჯიშდით თათქარიძეებად! გვიყვარს თართი და ორაგული, ბოზბაში და შემწვარი წიწილა... გვიყვარს იმაზე დავა მწვადი რისი სჯობს - ღორის სუკისა, თუ ახლად დაკლული მოზვრის...
აღარ ვწერთ "მგზავრის წერილებს", რადგან იმ "გზებით" აღარ ვმგზავრობთ მსგავსი ფიქრები რომ გვაცილებდნენ სამშობლოსაკენ, ანდა მის გარეთ... არც ლელთ-ღუნია ამბობს ჩვენს სათქმელს, რადგან სათქმელი მარადიული ისე "გაგვიცვდა", როგორც ხმალი მუდამდღე ვადამდე ქარქაშში ჩარჩენილი, დაბლაგვებული და ჟანგმორეული... ჩვენ ვერ შევძელით ილიას გზით სიარული და საითაც წავედით, საითაც გადავუხვიეთ და საითაც გადმოვუხვიეთ, ყველგან "ბედნიერ ერად" ვიგრძენით თავი!
ყველგან ვიმღერეთ "ჩემო კარგო ქვეყანა" და ყველგან შევიქმენით იმის ილუზია, რომ ილიას გზაზე ვიდექით და ილიას ნაოცნებარ საქართველოს ვაშენებდით. სულით ღარიბნი და ლეშით გამაძღარნი დაგვიდგნენ "წინამძღოლებად" და ჩვენც გავყევით - პატივდაკარგული ერისა და ბრბოდ ქმნილი, დაყრუებულ-დაბრმავებული მასის სახელით... ასე ავცდით სანთელ-საკმეველით განათებულ გზას, ქრისტეს გზას, ილისა გზას და ჰოი, მართლაც რა შორს "წავსულვართ", მართლაც და როგორ დავშორებულვართ, მართლაც და რა შორია გურჯისტანამდე!
***
ჩვენ დაგვავიწყდა ძალზე მთავარი და მთელმა ერმა ჩამოიძინა ჯალათის მკლავზე... ჩამოგვეძინა ისე მშვიდად და უშფოთველად თითქოს ღალატი არ გვედგა კარზე. თითქოს არ გვყავდა უბით ნაზარდი გველი და ხვლიკი, ან მგლების ხროვა თითქოს არ გვედგა ქალაქის თავზე...
ჩვენ დავიკარგეთ, ჩვენ აღარ გვახსოვს, ჩვენ გავიყიდეთ და ჩვენ გაგვყიდეს - ისე ვით ერი!..ისე ვით რასა!.. ისე ვით ხორცი!.. ისე ვით ლეში!.. და ჩვენც დავთანხმდით ნებით, თუ ძალით ამ დიდ ვაჭრობას სულის და ხორცის და ერთი ტყვიით, იმ კენტი ტყიით, მუდამ მზად რომ გვაქვს ილიასათვის... არ გქონდეს აწმყო, ეს ჯერ კიდევ არაფერია; მაგრამ როდესაც აწმყოს გამო გართმევენ წარსულს, და მომავალსაც არაფერი აკავშირებს იმავ წარსულთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა გკლავენ და კვდები!
ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნად "ერთჯერადი აქტით" მოსულს "ერთჯერადი" გერგო სიცოცხლე და სიკვდილიც "ერთჯერადი აქტივით" გელის! ეს იმას ნიშნავს, რომ შენი შვილი მამა-პაპათა საფლავებზე გახსნის "მარკეტებს", ან "ფეშენ-კლუბებს", იცეკვებს "ბრეიქს", იმღერებს " როკს" და ვერასოდეს ვერ მიხვდება რატომ უნდა იოცნებოს, თუნდაც ძილის წინ?! ვერასოდეს ვერ მიხვდება და ვერ გაიგებს მინდიას სიბრძნეს, ლუხუმის წუხილს და "გველისმჭამელს" ზოოლოგთა კვლევის საგნად მაინც მიიჩნევს, ეგეც საქმეა.
თუ ამ "გზაზე" წიწამურისკენ არ გადავუხვევთ, არ ჩემოვჯდებით და ერთმანეთს ფიქრს არ გავუმხელთ, აღსასრული და დასასრული სულ მალე მოვა - არა ჩემი, ან მხოლოდ თქვენი, მთელი ქვეყნისა!..
***
ჩვენ ყველანი გავრბივართ... გავრბივართ საკუთარი ქვეყნიდან, ქალაქიდან, სახლიდან... გავრბივართ, რადგან ინსტიქტები "გვირჩევენ" ამას, ამასვე "გვირჩევს" ხვალინდელი დღის მოსვლის შიში... გავრბივართ სადღაც გაურკვეველ, უცხო მიზნებთან, ერთ ჭიქა წყალზე და ლუკმა პურზე დასული ფიქრით... გავრბივართ ზანტად, გავრბივართ ჩქარა და მთელი ძალით, და ამ გაქცევას არც კი ჰქვია ეგებ გაქცევა, რადგან "საგზალი" - დედას პური და დედის დარდი - ყველგან დაგვყვება! ჩვენ ვგავართ ობლებს, გაგდებულებს მამის სახლიდან, ავ დედინაცვლად მოვლენილი ხელისუფლებით! ჩვენ ვგავართ გლახაკს, გლახაკ ქვეყნის მათხოვარ შვილებს და სამოწყალოდ გამოსულებს ქვეყნის შარაზე... ჩვენ ვგავართ მეძავს, ავაზაკებს და უკეთურებს, ყველაფერს ვგავართ იმის გარდა, რასაც კი უნდა ვგავდეთ და ვგავდით!
და თუ გავრბივართ დღეს სუყველა ჩვენი ქვეყნიდან, და თუ სუყველამ გამოვრაზეთ სახლის კარები, დიდი ურდულით თუ ჩავრაზეთ სულაც წარსული და მომავლისგან "თეთრ ბარათებს" თუ არ მოველით - უნდა გავჩერდეთ!!! უნდა გავჩერდეთ და წიწამურს გავხედოთ წამით - ყამარის ნასროლ სარკეში ჩანს მთელი ქვეყანა!..
ჩვენ ვგავართ ობლებს, გამოგდებულს მამის სახლიდან, ავ დედინაცვლად მოვლენილი ხელისუფლებით...
***
ჩვენ ვერ შევძელით სამთა ცნებით, სამთა კავშირით - ენით, მამულითა და სარწმუნოებით ცხოვრება და ილიას გზით სიარული... მაგრამ მოვმრავლდით და მოვჯიშდით თათქარიძეებად! სადაც, სადმე ცარიელი კედელი ვნახეთ, ყველგან ილიას პორტრეტი დავკიდეთ. ყველაფერიო გავაკეთეთ იმისათვის, რომ ილიაც "მოგვეტყუებინა", ქვეყანაც და საკუთარი თავიც. ტყუილი შევკადრეთ ილია მართალსაც და იმ ქვეყანასაც ილიამ რომ დაგვიტოვა საამაგოდ. ჩვენ გვახსენებენ ილიას სიტყვებს სწორედ ისინი, ვინც თანახმაა რომ წიწამურთან ისევ ისროლონ... ილიას ნათელს "ეზომება" დღეს ყველა ვინაც თანახმაა, რომ მამული მტერს ისე გაუყოს, როგორც ნადავლი, როგორც განძი - ნაქურდალი და ნაპარავი...
...და ვართ "ბედნიერი ერის" "ბედნიერი შვილები"... ვმღერივართ "ჩემო კარგო ქვეყანას" და ასე სიმღერ-სიმღერ ვშორდებით ილიას. ვშორდებით ილიას და ვუახლოვდებით იმ გზას, "ბედნიერ ერამდე" თათქარიძის მიერ "გაკვალული" გზით რომ მიგვიყვანს.
ილიას გზაზე დავდივართო, ყველა ჩემულობს, მაგრამ ამ გზებზე არც ილიას არ გაუვლია, რადგან თუკი გზა ტაძრისაკენ ერს არ წაიყვანს, მაშინ ამ გზაზე ან ილიას, ან ერს რა უნდა?!
ჩვენ დაგვავიწყდა ძალზე მთავარი და მთელმა ერმა ჩავიძინეთ ჯალათის მკლავზე!
წიწამურზე კი ისევ ყვავის დეკა და ია... საგურამოსკენ ისევ მიდის გზა საცალფეხო... თერგი კი მოჰქუხს ძველებური, მძლავრი ქუხილით და მოაქანებს ვებერთელა ქვებსა და ლოდებს... და კვლავ "ქადაგებს" მოძრაობის დიდ თეორემას ამ დიდ ჭაობად გადაქცეულ ქვეყნის საზღვარზე...
***
ჩვენ გავურბივართ საკუთარ თავებს, არშემდგარ მიზნებს და აუხდენელ ოცნებებს, ფიქრებს... ძნელი ყოფილა გენში გრძნობდე ისევ ილიას... ძნელი ყოფილა ვაჟას არწივს "ხედავდე" ცაში, მაშინ, როდესაც ილიას გზა ჩახერგილია, მაშინ როდესაც ეს ქვეყანა დარჩათ ყვავ-ყორნებს! ძნელი ყოფილა სისხლის ფასად დაიცვა მიწა და იმ მიწაზე ფეხის დადგმის არ გქონდეს ნება... თავი გასწირო და შენს შვილებს ერგოთ ობლობა და ფეხსაცმელი გაუწმინდონ მერე მათ შვილებს, ვინც იმ მიწაზე გუშინ შენ რომ გმირულად მოკვდი, ესკორტით მივა... და "გამარჯვების" სადღეგრძელოს ზღვის ქაფით დალევს!..
ძნელი ყოფილა ამის შემდეგ რომ არ გაიქცე... ძნელი ყოფილა არ გაექცე არშემდგარ მიზნებს, მაშინ როდესაც ამ მიზნამდე სანთლით გივლია, მაშინ როდესაც ამ მიზნამდე ხმალით იარე... და დღეს ორივე - სანთელიც და ქამარ-ხანჯალიც, სამუზეუმო ექსპონანტად "ჩემოგიფასეს"!.. ძნელი ყოფილა "აქ" დარჩენაც და "არსად" წასვლაც, რადგან ქვეყანა გაგიყიდეს ოცდაათ ვერცხლში... დაგრჩა მთაწმინდა, ალავერდი და წიწიამური, სამშობლოს მცნება გაჟღენთილი ოხვრით და კვნესით...
ვერაფერს შველი, უძლური ხარ და უსუსური, და დამუშტული თითებიც კი ვერ გაგიშლია, რადგან მაჯებზე ჩამოგაცვეს რკინის ბორკილი, რადგან მონობაც არ გეღირსა შენი ქვეყნისა!..
შენი ქვეყანა თავად არის დღეს მათი მონა, და შენც მონა ხარ, მონის მონა და თანაც იმის, ვინც შენს სამშობლოს მათხოვარის ქუდი დახურა, ვინც წაგიბილწა სალოცავი მაღალი ღმერთის...
ძნელი ყოფილა არ გაექცე საკუთარ მიზანს, როცა ოცნება გადაგიგდეს ნაგავსაყარზე! ...და შენც გარბიხარ... ზანტად, მაგრამ ჩქარი ნაბიჯით...
გარბიხარ სადღაც, გაურკვეველ ფიქრით და დარდით, მაგრამ წიწამურს რომ ჩაუვლი ისე ვით კვარცხლბეგს, ისე ვით სასჯელს, ისე ვით ნიშას, "ყოფნა-არ ყოფნის" სატკივარის ამწონელ პინებს თავად გადაყრი - რადგან პასუხი არ არსებობს საით წახვიდე, რადგან ყველა გზას აწერია "ვერ დაბრუნდები"!
და წიწამურთან მოგინდება კარვის დაცემა!..
მზად ხარ ტყვიისთვის, მაგრამ კენჭსაც არავინ გესვრის...
***
გზა წიწამურზე რაღაცით ჰგავს გზას გოლგოთისას!
რაღაცით ჰგავს გმირების კვარცხლბეგს!
მაგრამ ამ გზაზე ახლა უკვე ეკალბარდია, მაგრამ ამ გზაზე ახლა უკვე აღარ დადიან... რადგან ამ გზაზე გავემიჯნეთ თითქოს ჩვენს წარსულს და მომავალიც ამ გზის იქეთ დაგვისახია...
გზა წიწიამურზე რაღაცით ჰგავს ჯვარცმას და ტკივილს, რაღაცით ტაძარს და, რაღაცით შინ დაბრუნებას...
და თუ გავრბივართ, დავბრუნდებით იქნებ ოდესმე...
და თუ "აქ" ვრჩებით, გავიქცევით ოდესმე ალბათ...
და ამ გაქცევას დაერქმევა - არსად გაქცევა!!!
რადგან სამშობლო არ ყოფილა მხოლოდ რუქაზე, რადგან სამშობლო რუქის იქეთ ისევ "გრძელდება"... როგორც ტკივილი სამშობლოდან წამოყოლილი - მტირალა ჩვილი - ისე ვით ტვირთი, ერთობ მძიმე, მაგრამ უსაგნო... რომელიც გაწევს, მთელი ძალით გაწვება მხრებზე და ფრთებსღა ნატრობ...
გინდა დაბრუნდე და გაიქცე ისევ თავიდან, გინდა გაიქცე და კვლავ სახლში მოგიხარია... გინდა ქართველად დაბადებულს, ქართველად მოკვდე!.. და არ გაცლიან...
ყველა გაქცევას გამართლება აქვს, წიწამურიდან გაქცევის გარდა!!!
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი