ირაკლი ღარიბაშვილი არ არის არც პირველი და არც მეორე, ვინც ამ თემაზე ილაპარაკებს, რადგან ეს არის უსერიოზულესი პრობლემა – ღირებულებების ომი მიმდინარეობს მსოფლიოში. ჩვენი მხრივ, ქართული გამოწვევაა, სად აღმოვჩნდებით ამ ღირებულებების ბრძოლაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ბრძოლაში ხალხი უნდა იყოს არა არაჯანსაღი პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, ღირებულებების მხარეს მხარეს.
„დარწმუნებული ვართ, ამ ბრძოლაში, ღირებულებების ომში ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს და არა სხვა მხარეს, სადაც სხვადასხვა მიმართულებით არაჯანსაღი პროპაგანდა მიმდინარეობს, რაშიც ძალიან ხშირად ურევენ მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვას. გუშინ საქართველოში მთელმა „ნაცმოძრაობის“ კლასტერმა – პოლიტიკოსიდან მედიის ჩათვლით, პირველ მიზნად დაისახეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნალაპარაკები საზოგადოებას არ გაეგო. მათმა მაყურებელმა ამ წუთამდე არ იცის, რა ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. უბრალოდ, დაუმალეს და იციან მხოლოდ შეფასებები, თითქოს ეს იყო რუსული, ჰომოფობიური და ასე შემდეგ. ვერცერთ სიტყვას და ფრაზას ვერ მოიტანს მათ შორის ვერც ერთი ამ ტელევიზიების ჟურნალისტები, რა იყო ჰომოფობიური, რუსული. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ღირებულებების ომში, ქართულ ტელევიზიებში და ქართველ პოლიტიკოსებში მოიძებნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეროვნულს, ტრადიციულს, ფასეულს, ქართულს დაარქვან რუსული და არაჯანსაღ პროპაგანდას და მის სხვადასხვცა მიმართულებას დაარქვან ევროპული. სწორედ ეს არის ანტიევროპული. ქრისტიანულ ცივილიზაციაზე და ევროპულ დიდ ოჯახზეა როდესაც არის საუბარი, საქართველოს ბუნებრივ ადგილზე, მაშინ არ შეიძლება, არაჯანსაღი პროპაგანდა მიაკუთვნო დასავლეთს, ასე შეურაცხყო ევროპული ქრისტიანული ცივილიზაცია და მეორე მხრივ, ყველაფერს ტრადიციულს, ღირებულს, შენს ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებულს დაუძახო რუსული“, - განაცხადა მდინარაძემ.