ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტსა და ევროპელი სოციალისტების პარტია (PES)-ის მიერ ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში საქართველოს ეროვნული ინტერესები კი არ დაიცვა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე კი არ ისაუბრა, არამედ აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა, რომ კონსერვატორია.
მისი თქმით, თუ სოციალისტურ ბანაკს ირჩევ და შემდეგ იქცევი ისე ვითომ კონსერვატორი ხარ და ამას შიდა პიარისთვის აკეთებ, ბუნებრივია მსგავსი შედეგი დადგება.
‘’ქართული ოცნების იმ პოლიტიკური ჯგუფიდან გარიცხვის საკითხი დგას, რომელიც თვითონ აირჩიეს. იმის ნაცვლად რომ გვყავდეს მმართველი პარტია, რომელიც საკუთარ რეპუტაციას იყენებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების ასეთ ისტორიულ მომენტში წინ წასაწევად, ნატოს წევრობისკენ, ევროკავშირისკენ - ის არის იზოლირებული.
სანამ ასეთი მმართველი გუნდი გვყავს, ჩვენს შანსი არ გვაქვს, რომ წინ წავივიწოთ არსებითად ჩვენი ეროვნული ამოცანისკენ, რომ ვიყოთ დაცული, ნატოს წევრი, ამერიკის პარტნიორი და ევროკავშირისკენ მიმავალი თავისუფალი ქვეყანა“ - თქვა გიგა ბოკერიამ.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ღარიბაშვილს უნდა, რომ ჩვენი საზოგადოება მოატყუოს და მას არ აინტერესებს ქვეყნის ინტერესები. მისი თქმით, ღარიბაშვილი პოლიტიკური ჭანჭიკია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება და ამისთვის გამოიყენა უნგრეთში ვიზიტიც.
"ივანიშვილის რეჟიმისგან შეგნებული ქმედებაა, რომ ყველაფრის ფასად და მათ შორის, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესების ფასად უნდათ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ ჩვენი საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანით და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ“ - თქვა ბოკერიამ.