სინამდვილეში, „ქოლცენტრებთან“ „ქართული ოცნება“ არის დაკავშირებული, გიორგი ვაშაძის ხსენება სისულელეა, ეს არის პროპაგანდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„სინამდვილეში, „ქოლცენტრებთან“ „ქართული ოცნება“ არის დაკავშირებული და კომისიის შექმნას ხელს უშლის. გიორგი ვაშაძის ხსენება სისულელეა, ეს არის პროპაგანდა. შუა საუკუნეებში ეშმაკეულად გამოგაცხადებდნენ და შემდეგ შანსი არ გქონდა, დაგემტკიცებინა, რომ ეშმაკეული არ ხარ. ასეთივეა ეს, რაღაც ბოდვაა. პარტიაში ათი კომპიუტერი გვაქვს, მერე? რა ტერიტორიაა? კომპიუტერები რომ გაიხსნება, რა აღმოჩნდება? მოქალაქეების ბაზები. რომელი მოქალაქეების, ვინც ჩვენი მხარდამჭერია. კომენტარის გაკეთებაც არ მინდა, რადგან ბოდვაა და ვინც ამ პროპაგანდას ეწევა, რცხვენოდეს. საერთოდ არანაირი ოფისი არ არის, საწყობია ძველთაძველი, სადაც ხუთი წელია, პარტიის კომპიუტერებია შენახული. შეხებაც არ გვაქვს, საერთოდ არ გვეკუთვნის. რა ინახებოდა, კაცო? ზოგი კომპიუტერი სახლში აქვთ წაღებული და ზოგი – სარდაფში“, – აცხადებს მანჯგალაძე.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული, საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც გიორგი ვაშაძეს და დავით არახამიას ეკუთვნით.