ტრადიციების დაცვა, იდენტობის შენარჩუნება და შენი კულტურის, გუშინდელი დღისა და იდენტობის შენარჩუნების პარალელურად, განვითარებაზე, ევროპელობაზე, პროგრესზე ზრუნვა, არის მთავარი, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამ პათოსით იყო გაჟღენთილი პრემიერის სიტყვაც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში სიტყვით გამოსვლაზე კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, არაფერია იმაზე ეროვნული და იმაზე ევროპული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა, უპირატესად საკუთარ სამშობლოზე ფიქრი და საქმის კეთება ამისთვის.
„ეროვნული ტრადიციების დაცვა, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და ყველაფერი საუკეთესოს შენი ქვეყნიდან, შენი კულტურის, გუშინდელი დღისა და იდენტობის შენარჩუნების პარალელურად, ხვალინდელზე, განვითარებაზე, ევროპელობაზე, პროგრესზე ზრუნვა, ეს არის მთავარი, რაც ყველაზე ძალიან და სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ამ პათოსით იყო პრემიერის სიტყვაც გაჟღენთილი და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას აბსოლუტურად სწორად იგებს. დიდ უმცირესობაში არიან ის პოლიტიკოსები თუ ადამიანები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც ამას სხვა სახელს არქმევენ. მაშინ მათ უნდა თქვან, სად დგანან, რა ღირებულებებია მათთვის მთავარი, თუ არა ეროვნული ღირებულებები, ეროვნული იდენტობა; რომელ მხარეს დგანან, როდესაც ამ ყველაზე სწორ საკითხებზეა საუბარი ქართული საქმის კეთებისთვის. ამავდროულად, ევროპული საქმის კეთებისთვის. ეს იყო პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილი და ბუნებრივია, ამას ქართული საზოგადოება დღესაც და ხვალაც მხარს დაუჭერს, ისევე, როგორც წარსულში, ამ ღირებულებებზე ყოველთვის სწორი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.