„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდთან დაკავშირებით პაციენტის გადმოცემით აქვთ ინფორმაცია, თუმცა სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება.
„სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება. არც საშუალო მედპერსონალის მიერ და არც ექიმის მიერ, რადგან საშუალო მედპერსონალმა ნახა, ასევე ექიმმა და როგორც მორიგე პერსონალი გადმოგვცემს, გონების კარგვას ადგილი არ ჰქონია. პაციენტის გადმოცემით იყო გონების კარგვა, ამიტომ მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, მაგრამ არსებობს ჩანაწერები“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მისივე თქმით, პალატაში საერთოდ არ დგას რკინის მაგიდა.
„პაციენტი იმყოფება ლუქს პალატაში, რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას და არ არის იმ სივრცეში. არანაირი დაზიანება არ ეტყობა გარეგანი დათვალიერებით. იცით, რომ კანონიერად ხდება ჩაწერა 24 საათის განმავლობაში, არსებობს კადრები, შეგიძლიათ, მიმართოთ და ნახოთ. გავრცელება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩაწერას აწარმოებს პენიტენციური დაწესებულება. პაციენტს რა თქმა უნდა აქვს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევის შეგრძნება, წონასწორობის დაკარგვა პერიოდულად და ეს არ არის გასაკვირი. არ ხდება სრულფასოვნად საკვების მიღება. ჩვენ ვერ ვახერხებთ, ჩავუტაროთ სრულფასოვანი მკურნაობა, რადგან პაციენტი შეთავაზებულ სამკურნალო დანიშნულებებზე უარს აცხადებს. მორიგე ექიმიც და ყველა აცხადებს, რომ გრძელდება მის მიერ უარის გაცხადება სამკურანლო დანიშნულების შესრულებაზე, ასევე კვების რაციონი. არაერთხელ გვქონდა საუბარი მასთანაც, ოჯახის წევრებთანაც, რომ გაფართოებულიყო მოტანილი საკვების რაციონი, კალორაჟი მომატებულიყო, მაგრამ არაფერი იცვლება. არის კალორაჟის მინიმალური რაოდენობის შემცველობა, დაახლოებით 400 კილო კალორია, რომელიც არის ძალიან მცირე და არასაკმარისი“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ გონება დაკარგა. „დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს – გონების დაკარგვის გამო, წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.